კუროს გარეგნობა
შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მაისში დაბადებული ბევრი ადამიანი ხარს წააგავს, კაცები ასეც არიან და ამ მზის ნიშნით დაბადებულ ქალებს კი ხარის ძლივს შესამჩნევი, სუსტი მახასიათებლები ექნებათ. ქალი კუროს გამომეტყველება და თვალები აუღელვებელი და კამკამა იქნება, თუმცა მტკიცე.
მოძრაობს მოხდენილად, ზარმაცად, მაგრამ მასში ფარული ძალა გამოსჭვივის. რაც შეეხება კაცებს, კისერი ხშირად სქელი და დაკუნთული ექნებათ, მხრები, მკერდი ან ზურგი, ან სამივე ერთად – ფართო და ძლიერი. მთელი სხეული კარგი აღნაგობის (პროპორციული) აქვთ, მიუხედავად იმისა, დაბლები არიან თუ მაღლები. ყურები, ჩვეულებრივ, პატარა აქვთ და თავთან ახლოს. ჭამისას ნელა ღეჭავენ ლუკმას და როგორც წესი, შესანიშავი მომნელებელი სიტემა აქვთ.
შეიძლება თმის ბღუჯა (ხარის შუბლზე ჩამოშლილი თმის მსგავსი), ან კულული შენიშნოთ, რომელიც შუა შუბლიდანაა გადმოკიდებული. ყველას არა, მაგრამ ბევრ კუროს ხვეული ან ტალღოვანი თმა აქვს. ჩვეულებრივ მუქი, ისევე როგორც თვალები და კანი. გამონაკლის ქერა, ღია ფერის თვალებიან და თეთრკანიან კუროებზეც ვერასდროს იფიქრებთ, რომ სუსტი ხასიათი ან ფსიქიკა აქვთ.
ბუნებრივია, არ შეიძლება გვეგონოს, რომ ყოველი კურო ხარ ფერდინანდსა და ძროხა ელზის ემგვანება. მართალია, რომ ხშირად მათ დიდი, ბარაქიანი ტანი აქვთ, დაწყებული კუნთოვანიდან დამთავრებული ფუმფულა ან მსქუნამდე. მაგრამ თუ ამ სურათს ზედმეტად ჩაიბეჭდავთ გონებაში, გამხდარ კუროებს ვეღარ შენიშნავთ, მათი ცნობის სწავლა კი აგრეთვე მნიშვნელოვანია.
მაშინ რას იზამთ, როცა ტელევიზორს ჩართავთ და კუროების ბინგ ქროსბის, ფრედ ასტერისა და გარი კუპერის მონაწილეობით მოჰკრავთ შოუს (The Late, Late Show) თვალს? მიუხედავად თევზებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი ფეხებისა და მისი ჰაეროვანი ტყუპური მიმზიდველობისა, ფრედ ასტერი მიწიერი კუროა. მისი რუკის სხვა პლანეტარული გავლენები ამას ვერ შეცვლის. ჰკითხეთ მის მეგობარს, ქორეოგრაფ ჰერმეს პენს, ან ნებისმიერ ამ ცეკვის ლეგენდასთან დაახლოებულ პირს. ჰკითხეთ, რა რთულია ამ მოძრავ ფეხებს იქ წასვლა აიძულო, სადაც არ უნდა ან რამე ისეთი გააკეთებინო, რაც არ სურს.
ბინგ ქროსბიც ცნობილია თავისი უშფოთველობითა და მშვიდი, ბუნებრივი ქცევით. (შესაძლოა გემზე ის ყმაწვილი ბინგის რომელიმე ვაჟიც იყო). რაც შეეხება გარი კუპერს, ხელახლა შეხედეთ ვინტაჟის კოვბოური წარმოდგენების ამ გმირის მაღალ, აწოწილ სილუეტს. მისი მყარი ფეხები თითქოს პირდაპირ მიწიდან იზრდებიან და იქ აქვთ ფესვები გადგმული. ნელი მიზანდასახულობით მოძრაობს თქვენი ტელევიზორის ეკრანზე და სრული წინადადებების საერთო რიცხვი, რომელსაც მსახიობი წარმოთქვამს ამ ძველ ვესტერნებში, თორმეტამდე ძლივს აღწევს. მსახიობი?
თუ ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ, ტიპაჟის შერჩევის პატივსაცემ სისტემას გავითვალისწინებთ, გარი კუპერი ყოველთვის შესანიშნავად თამაშობდა გარი კუპერს. და როგორც ბევრი სხვა კუროს, რომელსაც სცენის ან კამერის მიღმა შეხვდებით, კუპერის სასიყვარულო სცენებშიც მონაწილეობს რომანტიკული გოგონა, რომელიც ყვირის – „გაგიჟებით, მგზნებარედ მიყვარხარ. უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია. მთელი ჩემი სიცოცხლე ხარ, ძვირფასო. მითხარი, რომ შენთვის ეს სულერთი არაა. თქვი, რომ შენც იმავეს გრძნობ. გიყვარვარ?“ რა პასუხს იღებს საბრალო გოგონა თავის გრძნობების ნიაღვრისთვის? – „ჰო“. (მაგრამ შეიძლება ეს უცნაურად კომფორტულიც კი იყოს.)
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…