კარმული სასიყვარულო ურთიერთობების ასპექტები ნატალურ და სინასტრიულ რუკაზე
ყველა ინდივიდს ურთიერთობაში საკუთარი კარმა მოაქვს, რომელიც მის პირად რუკაზეც კარგად ჩანს. სინასტრიული რუკა ისტორიის დანარჩენ ნაწილს გვიმხელს.
არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი ასპექტები: მაგალითად, როცა ერთის ვენერა აკვადრატებს მეორის ნეპტუნს, ამ უკანასკნელს კი შეხება არ აქვს პირველის ვენერასთან, ეს ცალმხრივი ასპექტია, ხოლო როცა მეორის ნეპტუნიც ნახევარკვადრატს ქმნის პირველის ვენერასთან – ორმხრივი.
ამ სტატიაში ვეცდებით განვიხილოთ ურთიერთობების კარმა, როგორც პირადი რუკის (პირადი კარმა, რომელიც ურთიერთობებში მოგვაქვს თან), ასევე სინასტრიული რუკის მიხედვით.
გაითვალისწინეთ: სულაც არ არის საჭირო, გჯეროდეთ რეინკარნაციის თეორიისა და წინა ცხოვრების რომ ამ სტატიაში თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. მაგალითად, პირადად მე – ასტროლოგია ფსიქოლოგიასთან უფრო ახლოს მდგარი მეცნიერება მგონია, რომელიც ზრდაზე და ტრანსფორმაციაზეა ორიენტირებული. მართალია, ტერმინი კარმა სულის მიერ წინა ცხოვრებებიდან მოტანილ გამოცდილებას გულისხმობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ადრეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მემკვიდრეობით ფაქტორებს, პრედისპოზიციებს მიაწეროთ ეს ყველაფერი.
ძალიან ბევრი კოლექტიური პლანეტების პირად პლანეტებთან ან კარმულ კვანძებთან ასპექტებს მიიჩნევს კარმული ურთიერთობების სიგნიფიკატორად. საინტერესოა ის, რომ თუკი მე ვენერა ნეპტუნის კვადრატი მაქვს პირად რუკაზე, ჩემი თაობის ადამიანების ნეპტუნიც ჩემს ვენერას დააკვადრატებს.
პირადი რუკა ადამიანების მოლოდინებს და მასში ფესვებგადგმულ რწმენას ამხელს. მაგალითად, სატურნი ვენერას ასპექტები სიყვარულში უარყოფის შიშს წარმოშობს, ვენერა ურანის ასპექტები – დამოკიდებულებების შიშს, ვენერა პლუტონისა კი ღალატისა და საყვარელი ადამიანის დაკარგვის ფობიას გვაძლევს. ვენერა ქირონის ასპექტების მქონე სიყვარულიდან მხოლოდ ტკივილს ელოდება, ვენერა ნეპტუნი კი იდეალისტებს ქმნის, რომელთაც ამაღლებული სიყვარულის და არაამქვეყნიური ურთიერთობების სჯერათ.
სინასტრიაში ერთის კოლექტიური პლანეტების(სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი, ქირონი) მეორე ადამიანის პირად პლანეტებთან და მთვარის კვანძებთან ასპექტებიც სწორედ კარმული ურთიერთობის მაჩვენებელია. უმეტეს შემთხვევაში რა სახის სირთულის იქნება ეს კარმა დამოკიდებულია ამ ასპექტების ფორმაზე: კვადრატია, ტრინია, სექსტილია, შეერთებაა თუ ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამეორებულ საკითხებს, სულ ერთია, ორმხრივი ასპექტების სახე ექნება ამას თუ არა.
ზოგადად, სინასტრიაში სატურნის ასპექტები კარმული ვალების მაჩვენებელია, რომელსაც ხშირად დანაშაულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა ახლავს თან. ქირონის ასპექტები გვაიძულებს მეორე ადამიანის დახმარებას, განკურნებას, რაც გამოსასყიდის ფორმას იღებს. ურანის ასპექტები დამოკიდებულებებისა და თავისუფლების საკითხებს ააქტიურებს, თითქოს რომელიღაცას სასწავლი აქვს როგორ იცხოვროს დამოკიდებულებებით, ან კიდევ როგორ გაუშვას ვინმე მისგან. ნეპტუნის ასპექტები გაუცნობიერებელი სიყვარულისკენ სწრაფვას შობს, ან კიდევ მსხვერპლისა და მხსნელის თემებს წამოწევს ხოლმე წინ. პლუტონის ასპექტები ძალაუფლებისთვის განაწილებაზე ომზე მიუთითებს: ღალატი, ემოციური დამოკიდებულებები, ერთმანეთზე ზეგავლენის დაკარგვის შიშები… იუპიტერის, მთვარის და კვანძების ასპექტები კი პიროვნული ზრდის მაჩვენებელია.
ვენერას ასპექტები კოლექტიურ პლანეტებთან ნატალურ რუკაზე მიუთითებენ ადამიანის პირად კარმაზე, რომელიც თან მოაქვთ ურთიერთობებში, კერძოდ კი –
ვენერას შეერთება, ოპოზიცია, კვადრატი, ნახევარ კვადრატი, კვინკვონსი სატურნთან:
ასეთი ადამიანებისთვის სასიყვარულო ურთიერთობები იქცევა გამოწვევების არენად, სწორედ ამ სფეროში მიიღებენ ისინი ყველაზე მეტ გაკვეთილს. სიყვარულის პოვნა რთულია, რთულია მისი შენარჩუნება, ან უბრალოდ სიყვარულია რთული. თავს იჩენს კომპლექსები და მარტოობისკენ მიდრეკილება, საოცარი მგრძნობიარობა უარყოფის შესაძლებლობის მიმართ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის წლებში. მაშინაც კი, როცა გულწრფელ გრძნობებს გთავაზობენ, თქვენ ეჭვი გღრნით და უარს ამბობთ, ან იმიტომ რომ არ გჯერათ, ან იმიტომ რომ ღირსად არ მიგაჩნიათ საკუთარი თავი. ნებისმიერი სახის სუფთა, ყოველგვარი სიყალბისგან თავისუფალი ტკბობა, დისკომფორტს გიქმნით. თქვენი ქვეცნობიერი მიიჩნევს, რომ არ არსებობს უანგარო სიყვარული, ნებისმიერი სიამისთვის საფასურია გადასახდელი და დაისჯებით თუკი სიყვარულით ტკბობის უფლებას მისცემთ თავს. თითქოს შინაგანი კავშირია სიყვარულსა და დანაკარგს, სიყვარულსა და დაშორებას, სიყვარულსა და სასჯელს შორის და ეს გაიძულებთ სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ. ყველაზე უარეს შემთხვევაში შესაძლოა იმასაც ფიქრობდეთ, რომ არასასურველი ხართ და შეუძლებელია თქვენი შეყვარება. ეს ყველაფერი კარმული ბარგია, თქვენი სულის ტრავმული მეხსიერება, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ უდიდესი თანაგრძნობის გრძნობით უნდა გაუმკლავდეთ. წარსულში მიღებულმა ტკივილმა გაგაკერპათ და გული გაგიქვავათ, რაც ახლა საშუალებას გაძლევთ ცივად, უგულოდ, უსიყვარულოდ მოექცეთ სხვებს და საკუთარ თავს. შეიძლება სამსახურს ან სხვა ვალდებულებებს აყენებდეთ თქვენი გულის მიერ ნაკარნახევ სურვილებზე წინ. საჭიროა რეაბილიტაცია და ეს რომ მოახერხოთ, საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ, პირველ რიგში თავად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი და ეს თქვენს ურთიერთობებზეც აისახება. ბედნიერი სიყვარული ადრეულ ასაკში გადატანილ სირთულეებს დაგავიწყებთ. კარგი იქნება თუ ატარებთ ვარდისფერ კვარცს, ტურმალინს, ამეთვისტოს, ნეფრიტს, ქრიზოპრასს.
ვენერას ტრინი ან სექსტილი სატურნთან:
ერთგულება, საიმედოობა, სიყვარულში და მეგობრობაში თავდადება თქვენი სულის მიერ მოყოლილი კარმის საჩუქარია. აფასებთ ყველაფერს რაც უძლებს დროს, თქვენი ფასეულობები მყარია და ზერელე, ქარაფშუტულ გრძნობებს არასოდეს ყვებით. ბედნიერი ხართ მარტოდ ან შედარებით უბრალო, მშვიდ გარემოცვაში, რომელიც რამდენიმე ნამდვილი მეგობრისა და არსებითად საჭირო რამეებით შემოიფარგლება. თქვენ აღმერთებთ ელეგანტურ უბრალოებას, გაქვთ იმდენი ჭკუა რომ გაარჩიოთ ეფემერული მარადიულისგან და ამის ჯილდო აუცილებლად იქნება ჭეშმარიტი და ხანგრძლივი სიყვარული.
ვენერას შეერთება, ოპოზიცია, კვადრატი, ნახევარკვადრატი ან კვინკონსი ურანთან:
პირად ურთიერთობებში თქვენ გიზიდავთ ყველაფერი განსხვავებული, უცხო, ველური, დაუმორჩილებელი, გადარეული… თავისუფლების დაუძლეველი წყურვილი გაიძულებთ ეძებოთ ალტერნატიული ცხოვრების და სიყვარულის სტილი, ატაროთ ექსპერიმენტები და ცხოვრობდეთ სპონტანურად. თუნდაც ცნობიერი გონებით გჯეროდეთ რომ სტაბილური და ნორმალური ურთიერთობები მოგწონთ, მიგიზიდავთ ცვალებადი და ყოველგვარი ჩარჩოებისგან თავისუფალი ადამიანები. თავადაც ასეთი ხართ, თავგადასავლებს მოწყურებული, ერთგულება სულს გიხუთავთ და ნაღმების დადებას იწყებთ როგორც კი ურთიერთობა მყარი და საიმედო ხდება. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ემოციონალურ ან შემოქმედებით დონეზე ექსპერიმენტატორობით შესაძლოა ცდილობდეთ შეიგრძნოთ თავისუფლება, გამოსავალი იპოვოთ ცეკვაში, მუსიკაში ან ხელოვნების სხვა რომელიმე თავისუფალი ფორმაში. შეინარჩუნოთ ცოცხალი, მოულოდნელობებით სავსე სიყვარული აი ეს არის თქვენი ცხოვრებისეული გამოწვევა.
სავარაუდოდ ბევრი განშორების გადატანა მოგიწევთ. ინტიმური ურთიერთობების მოულოდნელი რღვევა, ან საერთოდ ყოველგვარი ინტიმისგან ცარიელი პერიოდები: კარმას სურს რომ თავისუფლება ისწავლოთ, სასიყვარულო პარტნიორისგან დამოუკიდებლად არსებობა… მაგრამ გაფრთხილდით თავისუფლების ძიებაში ეგოისტ, უგრძნობ, უპასუხისმგებლო და გულგრილ ადამიანად არ იქცეთ.
ვენერას ტრინი ან სექსტილი ურანთან:
თქვენ ღია ხართ ადამიანებთან ყოველგვარი უჩვეულო, არატრადიციული სიყვარულის და ურთიერთობის ფორმებისთვის. განსხვავებული ადამიანების კომპანიაში თავს ბედნიერად გრძნობთ. მუსიკალური ნიჭი და რიტმის შესანიშნავი ტალანტით მოხვედით ამ ინკარნაციაში. როგორც კი ენერგია შემოგაკლდებათ, მუსიკისა და ცეკვის საშუალებით შეგიძლიათ დაიბრუნოთ ახალგაზრდული ჟინი.
ვენერას ოპოზიცია, კვადრატი, ნახევარკვადრატი, კვინკვონსი ნეპტუნთან:
თქვენ სიყვარულზე ხართ შეყვარებული და ამ ცხოვრებაშიც გაკვეთილების მიღების გზა სწორედ თქვენს გულზე გადის. გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ, პოეტის, სიყვარულისთვის თავგანწირული ადამიანის სულით.
ცხოვრების საწყის ეტაპზე სავარაუდოა ბევრჯერ გეტკინოთ გული, რადგან ადვილია თქვენი შეცდენა და თქვენთვის თავდავიწყებამდე თავის შეყვარება. ვერ ერკვევით სხვა ადამიანების ჭეშმარიტ ზრახვებში და გამუდმებით ცდილობთ ამ მშვენიერი ხალხის ალალმართლობაში, უდანაშაულობაში დაარწმუნოთ თავი. გგონიათ რომ თქვენ გარეშე დაიღუპებიან. შეიძლება აგერიოთ სიყვარული სიბრალულში. თქვენი პარტნიორი ანგელოზად გეჩვენებათ, იმდენად დაბრმავებული ხართ ემოციებით, რომ შეიძლება ვერ დაინახოთ ანგარება, ბინძური ზრახვები და პირადი ინტერესები მათ მოტივაციებში.
ამას გარდა, სულიერი ურთიერთობები უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს თქვენს ცხოვრებაში. თქვენს გზას შესანიშნავად აღწერს ინდუსების ენაზე სიტყვა ბჰაკტი, რაც სულიერ თავდადებასა და მსახურებას აღნიშნავს. ეს სიყვარულის უმაღლესი ოქტავაა, ულამაზესი გრძნობები, მაგრამ ამავე დროს სწორედ აქვე ისმის პრობლემატური კითხვა: სად გადის ზღვარი ურთიერთობებში? არსებობს სიყვარულისთვის საჭირო პირობები თუ უპირობო სიყვარულია იდეალური? ამ სახის კითხვებზე პასუხის პოვნას ემსახურება ეს ინკარნაცია.
ვენერას ტრინი, შეერთება სექსტილი ნეპტუნთან:
ძალიან მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევით სილამაზის მიმართ. გიყვართ ხელოვნება, მუსიკა, ჰარმონია, სიყვარულის ყველანაირი ფორმა. ძალიან დახვეწილი გრძნობები გაქვთ და კარგად გესმით ადამიანების. თანდაყოლილი მოთხოვნილება გაქვთ დაეხმაროთ, გასცეთ, შეუმსუბუქოთ ტანჯვა არა მარტო ადამიანებს, არამედ ყველა არსებას. თქვენ სიყვარული ყოვლის მომცველია და განუსაზღვრელი. ეს ყველაფერი თქვენს სულიერ განვითარებასა და სრულყოფაზე მიუთითებს. დადიხართ და ანგელოზებს ესაუბრებით. ამ ასპექტის ერთადერთი მინუსი ის არის რომ ადვილად მოწყვლადი ხართ, გიჭირთ უხეშობის ატანა, კონფლიქტების გაძლება და სხვა მიწიერ რეალობასთან გამკლავება.
ვენერას შეერთება, ოპოზიცია, კვადრატი, ნახევარკვადრატი ან კვინკვონსი პლუტონთან:
სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებს თქვენ მარტივად ვერ უყურებთ. თუ რამეს გრძნობთ, მთელი გულით გრძნობთ. ყველაფერი ან არაფერი, სწორედ ამ სფეროში იღებთ იმ გამოცდილებას მთლიანად რომ გარდაგქმნით. უდიდესი ბედნიერება და შემზარავი ტკივილი, ღალატი, მძაფრი ვნებები, ლტოლვა, დაუძლეველი სურვილები – ამაზე გადის თქვენი ცხოვრებისეული გზა ამ ინკარნაციაში. საჭიროა საკუთარ გრძნობებში, გულში, სიყვარულის უნარში ჩაღრმავება და ღირებულებების გადაფასება. შესაძლოა დაკარგოთ საყვარელი ადამიანი ძალიან საზარელი და მტანჯველი ფორმით, ან კიდევ უამრავი შეხლა შემოხლები გქონდეთ, რამაც საკუთარ მიჯაჭვულობებთან კიდევ უფრო დაგაახლოვოთ. შეურაცხყოფაზე, ძალადობაზე დაფუძნებული ურთიერთობებიც კი შეიძლება იქცეს თქვენს გაკვეთილად. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ აღმოაჩინოთ სიყვარულის მკურნალი ძალა, განაახლოთ და აღადგინოთ თქვენი და სხვა ადამიანების ცხოვრება. ,,მოკვდეთ, რომ ხელახლა დაიბადოთ“
დაუშვებელია სიყვარულის სხვა ადამიანების სამართავად გამოყენება, გრძნობებით მანიპულირება. ძალაუფლების სიყვარული სიყვარულის ძალის ნაცვლად, შესაძლოა თქვენს ჯოჯოხეთად იქცეს.
ვენერას ტრინი ან სექსტილი პლუტონთან:
თქვენ ინსტიქტურად იცით რა სჭირდებათ და როგორ მისცეთ ადამიანებს ის, რაც სურთ. ასხივებთ სექსუალობას და გავლენას ახდენთ ადამიანებზე ისე, რომ შესაძლოა წარმოდგენაც არ გქონდეთ ამის შესახებ. გაფრთხილდით, ამ ნიჭის უპატიოსნო გზით გამოყენება დაუშვებელია.
ამას გარდა ფინანსურადაც გიმართლებთ. მშვენივრად ერკვევით როგორ გამოიყენოთ რესურსები და გაზარდოთ კაპიტალი.
არაჩვეულებრივი არტისტული და შემოქმედებითი პოტენციალი გაქვთ. საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ხართ, რომელსაც თან ერწყმის სილამაზის საოცარი სიყვარული და შეგიძლიათ დახელოვნდეთ რაიმე არაჩვეულებრივი საოცრად მომხიბვლელი
კარმული ასპექტები სინასტრიაში
სინასტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კარმული ასპექტები, სატურნის ასპექტებია პერსონალურ პლანეტებთან:
როცა ერთი ადამიანის სატურნი მეორე ადამიანის პერსონალურ პლანეტას ეხება, ეს პირდაპირ კარმულ ვალზე მიუთითებს. აჩენს საოცარ პასუხისმგებლობის გრძნობას, ვალდებულებებს… ეს შესაძლოა ხელის შემწყობი ფაქტორიც აღმოჩნდეს და გამოწვევადაც იქცეს. უმეტესწილად ორივე ერთად ხდება. გასათვალისწინებელია, რომ ძლიერი სატურნი სინასტრიაში თითქმის აუცილებელიც კია ორი სულის ხანგრძლივი დროით ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ხშირია ქორწინება.
სულიერების დონეზე ჩნდება ერთად დარჩენის მოთხოვნილება, სურვილი, ვალდებულების გრძნობა. სატურნული წყვილები ურთიერთობის საწყის ეტაპზე ძალიან დიდ კომფორტს პოულობენ ერთმანეთში და ხშირად ძალიან მალე ერთიანდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების სწრაფად განვითარებაზე პასუხისმგებელი ურანი გახლავთ. საოცარი ის არის,რომ თითქოს წინასწარ გრძნობენო ურთიერთობის სიმძიმეს, ერთ-ერთ მათგანს, ან ორივეს ერთად ამ ურთიერთობაზე უარის თქმის დაუძლეველი სურვილი უჩნდება, მაგრამ ვერ შორდებიან, თითქოს ვინმე აიძულებდეთ ერთად ყოფნას. უფრო ხშირად ერთ-ერთი მათგანი უფრო მეტად გრძნობს ამას.
სატურნის მფლობელი ერთგვარი მასწავლებელი ხდება მეორე ადამიანისთვის, ითავსებს მშობლის ფუნქციას, ცდილობს შეზღუდოს და საკუთარ ჭკუაზე ატაროს პერსონალური პლანეტის მფლობელი, თითქოს მასში არსებული შინაგანი ბავშვის გაზრდა და განადგურება სურდეს. ეს უკანასკნელი განიცდის წნეხს, თითქოს მას თამაშს უკრძალავენ, სპონტანურობას, ბავშვობას. რაღაც დონეზე თითქოს ეწინააღმდეგება კიდეც თავის კოსმიურ მასწავლებელს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მის ნებას დაჰყვება ხოლმე, რაც თვითცენზურაში გამოიხატება: იწყებს საკუთარ თავში ჩაკეტვას, გრძნობების დაფარვას და ამასთან ერთად იწყებს გაუცხოებას.
განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს სატურნის დაძაბული ასპექტები სინასტრიაში და განსაკუთრებით ვენერასთან დაძაბული ასპექტები. განშორება, სიშორე, უკანდახევა, ბარიერები – აი, თემები რომლებიც ამ დროს აქტუალური ხდება. ურთიერთობის განვითარებასთან ერთად ჩნდება ამ ურთიერთობის მექანიკურ ურთიერთობად გარდაქმნის, ემოციებისგან დაცლის საფრთხე. შესაძლოა ერთად ყოფნის ძალიან დიდი სურვილი გაჩნდეს, მაგრამ გარემო პირობები, სხვადასხვა ვალდებულებები არ აძლევდეს წყვილს ამის საშუალებას. როგორიც არ უნდ აიყოს ეს განშორება ფიზიკური თუ მენტალური, უმთავრეს პრობლემად რჩება – ემოციების გამოხატვის ბლოკადა. ამ ასპექტების მქონე წყვილები იწყებენ შეგუებას იმ აზრთან რომ მათი ურთიერთობა ემოციურ დონეზე არასრულყოფილია. ერთად ყოფნის გამოცდილების საფუძველზე ორივეს ექმნება განცდა რომ ყველაფერი დამთავრდება მარტოობით ან სახიფათოდ. ეს არ ეხება ერთმანეთის სიყვარულს, უბრალოდ გამოცდები გარდაუვალია და ამ გამოცდების გადალახვა იმ გამოცდილების სრულყოფა იქნება, რისთვისაც ერთმანეთს შეხვდნენ.
გაუაზრებლად არსებობს საოცარი მიჯაჭვულობის შეგრძნება, რომელიც წლების განმავლობაში ერთად გამყოფებთ. კავშირი საკმაოდ რთულია, მაგრამ მაინც ვერ შეელევით ერთმანეთს, სწორედ ამ მიჯაჭვულობის გამო. აღმოაჩენთ რომ ცხოვრებაში უამრავჯერ გქონდათ მომენტი, როცა ფიქრობდით რომ ყველაფერი დამთავრებულია, მხოლოდ იმიტომ რომ გაგეგოთ – ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ. ეს აღმასვლები და დაღმასვლები თითქოს აცოცხლებს ურთიერთობას, გზრდით, მაგრამ გფიტავთ და მთელ ენერგიას გაცლით.
საჭიროა ისწავლოთ ერთმანეთის ნდობა. მხოლოდ ფიზიკურ დონეზე საკმარისი არ არის. აუცილებელია არ ჩაკეტოთ გრძნობები და არ შეგეშინდეთ სულიერი სამყაროს ერთმანეთისთვის გაზიარების.
მოამზადა დოჩი გოგომ