ისევ კუროს შესახებ
კუროს საპირსპირო სქესი ძლიერად იზიდავს, მაგრამ ნებისმიერი სახის სიამოვნების აგრესიულად დევნა მისი ხერხების სიაში არ შედის. ურჩევნია თვითონ მიიზიდოს ხალხი. რატომ უნდა ხარჯოს ენერგია მათ გარეუბნამდე დევნაში? ხანმოკლე გასვლა ფერმაში და ბუნების კანონების ყურადღებით დაკვირვება, ნათელს მოფენს, თუ როგორ იღვიძებს კუროს გრძნობები სიყვარულსა და მეგობრობაშიც. პასიურობა ტიპური ქცევაა.
კუროებს სხვების გამასპინძლება უფრო გაუხარდებათ საკუთარ სახლში, ვიდრე სხვასთან სტუმრად წასვლა. მცდელობები, რომელსაც მბრწყინავი პოპულარობა მოითხოვს, ხარის ბუნებისათვის მიმზიდველი არაა. თუ იგი გჭირდებათ, შეგიძლიათ დაურეკოთ. იქვე გაჩნდება. შესთავაზეთ ამხანაგობა ან სიყვარული და გზავნილს მიიღებს, თუ მისთვისაც საინტერესოა. ისიც ეცოდინება, როგორ მოექცეს მას, რაც სხვა, ხალხის უფრო მეტად მოყვარულ ნიშნებზე, ხშირად ვერ ითქმის.
კურო იშვიათად წუხს, ღიზიანდება ან ფრჩხილებს იკვნეტს. შეიძლება გაიბუტოს და გულში ჩაიხვიოს, როცა რამე მის გონებაში წარმოდგენილ სურათს არ შეესაბამება, მაგრამ ნერვიული, ფეთიანი ტიპაჟი არაა. მისი ბუნებაა იყოს გულგრილი და ყველაფერი მშვიდად მიიღოს და ამ ძირითად თვისებას ვერაფერი ცვლის.
ვიცნობ კუროს, რომელიც ვექილიცაა და სერთიფიცირებული აუდიტიც ერთად, ორმაგი კარიერა აქვს, რაც ნებისმიერს გაუჩენდა ბევრ თავშისაცემს, განსაკუთრებით გადასახადების დროს. ახლა, ეს კურო შეიძლება ცოტა მოსვენება დაკარგული იყოს. კარგით, ძალიანაც მოსვენება დაკარგულია. ჩემზე სწრაფად ლაპარაკობს (მაშინ, როცა მეც საკმაოდ სწრაფად ვმეტყველებ) და შუბლზეც ერთი-ორი ნერვული კრიზისის კვალი ეტყობა. მაგრამ მის პირად რუკაში ტყუპების დიდი გავლენაა, რაც მოჩვენებით სისწრაფეს იწვევს და თუ დააკვირდებით დინამიკური გარეგნული სახის ციბრუტივით მოქმედებების მიღმა, მაინც აღმოაჩენთ მასში კუროს. შესაძლოა მისი ტვინი ელვასავით ანგარიშობდეს, მაგრამ გადაწყვეტილებები ნელა და ფრთხილად მიიღება. წინასწარ შეიძლება მისი საქციელის განსაზღვრა, ძლიერია პიროვნულად და შეგიძლიათ ჰკითხოთ მის ცოლს, რამდენად იოლია მისი ადგილიდან დაძვრა, მაშინ როცა თხოვს ჩაცმას და ღამით გარეთ გასვლას, თვითონ სახლში დარჩენა რომ ურჩევნია. ასევე შეგიძლიათ დაეკითხოთ კლიენტებს, რომლებიც აჩქარებენ სწრაფად დახუროს გარიგებები. უსმენს მოთმინებითა და თავაზიანობით, მაგრამ ქაღალდებს ხელი მანამ არ მოეწერება, სანამ ხარი არ დაასკვნის, რომ ეს სწორი სვლაა. ა, კი, ის კუროა, მიუხედავად ტყუპებისთვის დამახასიათებელი მახვილგონიერების და სიმარდისა. თავქარიანი ქცევა არაა მის ნაკლთა შორის. ჩქარობს ნელა და ეს სულაც არაა ალოგიკური.
კურო ადამიანები ოჯახის ხალხია. ერთეული ხარი თუ იქნება ისეთი, რომელსაც საკუთარ ჭერქვეშ განცხრომა და მოხერხებულ, ნაცნობ გარემოში დასვენება არ უყვარს. ცვლილებები აღიზიანებენ მას (თუ ტყუპების, მშვილდოსნის ან მერწყულის მთვარე ან ასცენდენტი არ აქვს). თუ კუროს, რომელსაც იცნობთ, საკუთარი სახლი არ აქვს, მაშინ იგი ამაზე ოცნებობს და ერთ დღესაც აუცილებლად ექნება. დედამიწასთან ახლოსაა და მიწის სიყვარული საბოლოოდ შემოუტევს, ასე იქნება თუ ისე. თუ იძულებულია გადაჭედილ კორპუსში იცხოვროს, სავარაუდოდ ფანჯრის გარეთა ყუთი ნემსიწვერებითა და პეტუნიებით(ყვავილები) ექნება სავსე. როდესაც ქალაქის ხმაურიანი ყაყანი ზედმეტად ახლოს შეიჭრება მის ცხოვრებაში, მონდომებით წამოავლებს ხელს ანკესს და წყნარი და სოფლის მიდამოებისაკენ გაემართება. მიუშვით მსოფლიო, მისთვის ზედმეტად თავბრუდამხვევი ტემპით იბრუნოს და კურო, უბრალოდ, ცოტა ხნით განზე გადგება, სანამ იგი მოძრაობას არ შეანელებს. თუ ანკესი და ფანჯრის ყუთი არ აქვს, შესაძლოა უძრავი ქონების საკითხებით დაკავდეს და სხვების საკუთრებასთან დაკავშირებული გარიგებები აწარმოოს, რაც შიგადაშიგ გარეუბნებში გასვლის შესაძლებლობას მისცემს. ყოველთვის აღინიშნება კავშირი მიწასთან, თუმცა შორეული, როგორიცაა იპოდრომზე დროის გატარება, ან პარკში საკვირაო გასეირნება და ბუნების წიაღსა და სურნელებაში დალევა.
სიჯიუტეს რაც შეეხება, აზრი არ აქვს კუროს უთხრა, ქალია თუ კაცი, რომ ის კერპია. ხარის აზრით, საერთოდ არაა ჯიუტი. იგი მომთმენია. ლინგვისტური განმარტების საკითხია. სულაც არაა ჯიუტი – უბრალოდ გონიერი და მტკიცეა. ძალიანაც რომ ეცადოს, არ ესმის რატომ განსჯის ხალხი ასე უსამართლოდ.
სინამდვილეში კურო იმდენად ჯიუტია, რამდენადაც შეიძლება ადამიანი ჯიუტი იყოს და მკვრივ ქვად არ გადაიქცეს. კურო კაცები და ქალები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს თავიანთ სკამსა და იდეებზე მიწებებულები არიან. კურო ქმარი უარს ეტყვის ცოლს მეგობრის სახლში გაყოლაზე, თუ იქ მისთვის საკმარისად კომფორტული სკამები არ არის ჩასაჯდომად. შეუძლია ემუდაროს ამაოდ. ის უბრალოდ არ გაყვება. კურო ქალი, რომელსაც არ მოსწონს თავისი ქმრის გულითადი მეგობრები, უბრალოდ არ დაელაპარაკება მათ. და მაინც, ხარებს შეუძლიათ გამამართლებელ მოთმინებაზე ჰქონდეთ პრეტენზია. ბევრი კურო წლების მანძილზე ატარებს ემოციურ თუ ფიზიკურ პრობლემას ჩუმად, წუწუნის გარეშე. რაც უფრო იზრდება სიმაღლეში გასაჭირთა გროვა, მით მეტ ძალას ნახულობს კურო მის საზიდად. მისი ერთგულება და თავდადება ოჯახისა და მეგობრების მიმართ ხშირად ყველანაირ გაგებას აღემატება. ბევრი კურო კაცი და ქალი იმსახურებს ოქროს მედალს იმ გამბედაობისათვის, რასაც ბედის ისეთი დარტყმებისას იჩენენ, რომლებიც სხვა მზის ნიშნის ქვეშ შობილებს დიდი ხნის წინ წელში გატეხდა. ძალიან კარგი. გავაგრძელებ ცისფერი ლენტის გადაცემით, კუროს გამძლეობის აღსანიშნავად. მაგრამ ის მაინც ჯიუტია.
ძალიან ცოტა რამ არსებობს, რამაც შეიძლება მადა დააკარგვინოს. ხარს შეუძლია ჩვეულებრივ ნებისმიერი რამ ჭამოს, შემწვარი წიწაკიდან შოკოლადის კრემიანი ნამცხვრით, მჟავე კიტრითა და თალგამით დამთავრებული – ყველაფერი ერთ ჭამაზე – კუჭის გაღიზიანების ყოველგვარი კვალის გარეშე. სტეიკი და საქონლის ხორცი, ჩვეულებრივ, მისი საყვარელი საკვებია და ნარჩენების მოსუფთავებაც უყვარს. ამ ყველაფერს ალკოჰოლიც თუ ერთვის თან, კურომ შესაძლოა მეფე ჰენრი VIII მოგაგონოთ, სამეფო ლხინზე ბედნიერად ნადიმობისას. (რა თქმა უნდა, ქალწულის ამომავალმა (ასცენდენტმა) შესაძლოა საწებელმოსხმულ უმ სტაფილოსა და სალათის ფოთლებზე დატოვოს.)
კუროსეულ იუმორის გრძნობას უხეში, ხმაურიანი და ფიზიკური ქმედების მომცველი კომედიები აღვიძებს. ბევრ მათგანს არ გამოსდის დახვეწილი სატირის მიხვედრა, მაგრამ იხარხარებენ როცა ვინმეს ბანანის ქერქზე აუსრიალდება ფეხი ან სახეში კრემიან ნამცხვარს მიატყვლეპენ. კუროს იუმორი თბილი და მიწიერია, ლაღი და რაღაცით ფალსტაფს (შექსპირის პერსონაჟი – მსუქანა მხიარული რაინდი ჰენრი IV-ში) მოგაგონებთ. ეს ადამიანები, იშვიათად, თუ საერთოდ ოდესმე, არიან ბოროტები და შურისმაძიებლები. უცნაური ფაქტია, რომ სასტიკ კუროებს ხშირად ბევრი პლანეტა, პირად რუკაში, ვერძში აქვთ. ეს ორი ნიშანი, როგორც ჩანს, მთლად კარგადაც ვერ ერწყმის ერთმანეთს ერთ რუკაში. ჰიტლერი ამის კარგი მაგალითია.
ახლა, ფულის საკითხის შესახებ – ხარი და მისი ფული იშვიათად განცალკევდებიან. ყველა კურო მილიონერი არაა, მაგრამ ბევრ მათგანს ვერ იპოვით უფასო წვნიანის რიგში მდგომს. კუროს იმპერიების შენება ნელა და უპირობოდ უყვარს. იწყებს მყარი საძირკვლით, შემდგომ პერიოდულად ამატებს დრო და დრო, სანამ მყარ ბიზნესსა და კუნთებით საბანკო ანგარიშს არ ააწყობს. უცნაურია, მაგრამ კუროს უყვარს ძალების დაგროვებაც, ნაღდ ფულთან ერთად, მაგრამ მხოლოდ მისი ფლობისგან მიღებული მიწიერი სიამოვნების გამო. ხშირად მოქმედებას დაქვემდებარებულებს უტოვებენ. უბრალოდ იმის ცოდნა, რომ დოლარებთან ერთად ძალაუფლებაც მის ხელშია, როგორც ჩანს. აკმაყოფილებს კუროს უსაფრთხოებისადმი მოთხოვნილებას. რატომ უნდა შეიწუხოს თავი ყოველი ძაფის მართვით და მანიპულაციით? მაგისათვის თხის რქები და კირჩხიბები არიან გარშემო, სანამ თვითონ თვლემს, გვირილას ყნოსავს ან ლამაზ გოგონებს აყოლებს თვალს. ისიც საკმარისია, რომ ყველამ იცის ვინაა საძოვრის მეპატრონე. ადრე თუ გვიან, ფული მიაკითხავს კუროს და როცა მიაკითხავს, წებოსავით მიეკრობა. ხარი თავის ფულსა და ქონებასაც ისე აფასებს, როგორც ოჯახს, მაგრამ ძუნწი არაა. კუროს გულუხვი გული და ჯიბეები ფართოდ ღიაა ნამდვილი მეგობრებისათვის ნამდვილ გასაჭირში.
მასზე დიდი ზომები შთაბეჭდილებას ახდენს. რაც უფრო დიდია შენობა, მით უფრო შთამებჭდავია მისთვის და ზოოპარკშიც მაიმუნებს გვერდზე ჩაუვლის, რათა აღფრთოვანებით დააკვირდეს ძლიერ სპილოებს. კურო უზარმაზარ ცხოველებს საოცარი გამბედაობით შეხვდება, მაგრამ თაგვის ეშინია. თავისუფლად გამოსულ ვეფხვზე ხარი თვალსაც არ დაახამხამებს, მაშინ როცა პაწაწინა ბზიკმა შესაძლოა, ნერვული პანიკით მოცული, უახლოეს ხეზე გაიყვანოს.
ძვირფასი სურათები და შესანიშნავი სიმფონიური მუსიკა ღრმად აღელვებს. ყოველი კურო ფლობს ვენერასეული ხელოვნებისა და მუსიკის სიყვარულის რაიმე სახის მაჩვენებელს, იქნება ეს კარუზოს ძველი ჩანაწერი თუ ვან გოგის ადრეულ ნახატიანი მუზეუმის ღია ბარათი, ჩაკეცილი ოფლიანი მაისურის ქვეშ, რომელიც შაბათ-კვირას დილით სირბილისას აცვია. ბევრ კურო კაცსა და ქალს აქვს ლამაზი ხმა. ზოგიერთი მათგანი პროფესიონალურადაც მღერის; სხვები სააბაზანოში მღერიან, მრავალ ნელსაცხებელში ჩაფლულნი და მოვარაყებულ უსაფრთხოებაზე ოცნებობენ. მუსიკა ყოველთვის იქნება მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული რაღაც კუთხით და ხაზვა ან ხატვა ხშირად ან მათ გატაცებებში შედის ან კარიერაში.
დასკვნა
ესთეტიკურ ხარს ზეცის ფერი ამშვიდებს. ლურჯის ტონალობები მის ემოციებს სიმშვიდით ავსებს; ასევე, ვარდისფერი და მისი მქრქალი ტონები, მაგრამ წითელი არასდროს, როგორც ნებისმიერი მატადორი გეტყოდათ. ბუნების სიმწვანე და ყავისფერი ფერებიც ამშვიდებს და აწყნარებს. მწვანე ქაღალდის ფული (დოლარები) და ბრაუნსტოუნის (არისტოკრატული რკინოვანი ქვიშაქვა) სახლი სრულ კმაყოფილებას მოჰგვრის.
მიუხედავად იმისა, რომ კუროს იდეები ყოველთვის გონივრულია, ისინი შესაძლოა ასევე, თხუთმეტი ულამაზესი საფირონის სინათლითა და სიღრმით ბრწყინავდეს, რომლებიც ჯამში ექვსმაგად გაამდიდრებს მის ქონებას, რაკიღა თავის ფულს ღმერთების მოწყალე ღიმილქვეშ ამრავლებს. კუროში არაფერია პატარა, მისი ხანგრძლივი სიყვარულის უნარისა და სიმდიდრის დაგროვების პოტენციალის ჩათვლით. სპილენძი, კუროს მეტალი, დენისა და სითბოს შესანიშნავი გამტარია და კრიალა სილამაზით ბრწყინავს მოხმარებისა და ცვეთის წლების მანძილზე. დაე, აგზნებადი ხალხი ფორიაქობდეს და ჩხუბობდეს პირველი ადგილისათვის. ხარის სტაბილურ ბუნებას ალმოდებული ჩირაღდნები არ სჭირდება იმ უსაფრთხოებისაკენ გზის გასანათებლად, რომელსაც ეძებს. საბოლოოდ წარმატება მიაკითხავს მას და ისიც მზად დახვდება. რადგანაც შორს მყოფი ვენერა უხვად აფრქვევს ფუფუნების სიყვარულს, თავის საკუთრებებში საკმაოდ ძვირსაც იხდის და მთელი ცხოვრების მანძილზეც აფასებს; თუმცა ფლანგვისა და ზედმეტად ხელგაშლილობის თავგამოდებული მტერია. მისი სახლი მისი ციხე-სიმაგრეა – და დაე, არავინ დაარღვიოს ხარის სიმშვიდე. კურო მომთმენია, როგორც თვით დრო, ღრმა, როგორც ტყე, დასაყრდნობი ძალით, რომელსაც მთების გადადგმა შეუძლია. მაგრამ ჯიუტია.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…