თქვენ მას იცნობდით დიდი ხნის წინათ…
ანნა ბასტუკა
გინახავთ ადამიანი პირველად და შეხვედრისთანავე ღიმილით შეხებიხართ? გახსოვთ ვინმე თუნდაც ბავშვობიდან, რომელსაც არ იცნობდით, უბრალოდ ნახეთ სადმე მხოლოდ ერთხელ და წლების შემდეგ დაუმეგობრდით? გქონიათ შემთხვევა სრულიად უცხოს იმდენად პირადული რამე მოეყოლოს, უხერხულობამდე მისულიყავით, ანდა პირიქით – თქვენ გადაგეშალოთ გული სიშიშვლემდე?.. დანახვისთანავე შეგყვარებიათ? გყვარებიათ ისე ძლიერად და ამავე დროს, ისეთი ტანჯვით რომ შორდებოდით გონებით, მაგრამ მაინც ერთმანეთისკენ მირბოდით გულით?.. გაგიცვნიათ ადამიანი, რომელმაც უკვე იცოდა თქვენ შესახებ იმდენად ბევრი, რომ თქვენც კი შეცბით? ანდა, გცოდნიათ ვინმეზე იმაზე მეტი ვიდრე „ელოდით“?.. გქონიათ უკიდეგანო ვნება და ლტოლვა ვინმეს მიმართ სიყვარულის და ნაცნობობის გარეშეც კი?! ან გყვარებიათ წლების განმავლობაში ისე, რომ ერთხელაც არ შეხებიხართ…
გიგრძვნიათ როდესმე რომ მას იცნობდით?.. დიდი ხნის წინათ…
ეს კარმული კავშირებია … შემთხვევითი შეხვედრები, რომლებიც არასოდეს დგება შემთხვევით. ქართულად ცნობილი, როგორც „მონათესავე სულების“ ამბავი, რომლისაც გვჯერა მხოლოდ მათ, ვისაც რეინკარნაციის პრინციპი გვესმის…
დიახ, „შემთხვევითი შეხვედრები“ არ არსებობს, უმიზეზოდ არავინ არავის ხვდება. კავშირები, რომლებიც „ინკარნაციათა სიღრმიდან“ მომდინარეობს, მიმდინარე ცხოვრებაში, გარკვეული მიზეზშედეგობრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენგან მოქმედებას, გადაწყვეტილების მიღებას და ხშირად, განსხვავებული კუთხით აზროვნებას მოითხოვს. აუცილებელ კითხვას- რატომ?! და მიზეზის ძიების პროცესში, სულიერ ტრანსფორმირებას, ზრდასა და განმტკიცებას.
ამბობენ, რომ კარმული კავშირის ამოცნობა ასაკობრივი სხვაობითაც შესაძლებელია. ერთი, სამი, ხუთი და ათი წლის სხვაობა „მონათესავე სულთან“ ახალ კავშირზე მიუთითებს. აუცილებელი არ არის ეს კავშირი მაინცდამაინც სასიყვარულო, მხოლოდ პოზიტიური ან მხოლოდ ნეგატიური იყოს. წინა ცხოვრებებში ჩვენ ხომ ისეთივე ჩვეულებრივი ურთიერთობები გვქონდა სხვებთან როგორიც ახლა… შეიძლება ერთ ოჯახშიც კი იყვნენ
„როლებშეცვლილი“ ოჯახის წევრები, თუნდაც, სქესშეცვლილი… მაგალითად, ადრე ცოლ-ქმარი ახლა დედა-ქალიშვილი იყოს… ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რა სახის ურთიერთობები, და გასასტუმრებელი „ვალები“გვაქვს დაგროვებული ერთმანეთის წინაშე ადრე.
რთული სასიყვარულო კავშირები, როგორც წესი, „მწარედ“ გასასტუმრებელ კარმულ ვალებზე მიუთითებს… მაგალითად, თუ ერთი უსამართლოდ ექცეოდა მეორეს ადრე, შეიძლება ახლა როლები იყოს შეცვლილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია არჩევანის გაკეთება, ურთიერთობის გაწყვეტა და თავიდან მოშორება, ვთქვათ, „ვალის გადახდის გადავადება“… მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ გადავადებაა და არა გასტუმრება… სამყაროში არც პოზიტივის და არც ნეგატივის პინა ცალმხარეს გადაწონილი არასოდეს დარჩება… ყველაფერი უნდა გასწორდეს.
არის შემთხვევები, როდესაც წყვილში ერთ-ერთმა, ურთიერთობის დაწყებისთანავე იცის როგორი იქნება კავშირის დასასრული. უყვარს კიდეც, მასთან ერთად ცხოვრების სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც, მაგრამ რაღაც, თითქოს ბევრად უფრო ადრე მიღებული გადაწყვეტილება ჩრდილივით დაჰყვება ერთი შეხედვით იდეალურ კავშირს…
ზოგჯერ, ადამიანები ერთმანეთს ჰპირდებიან … მაგალითად, „მომდევნო ცხოვრებაში მაინც შევხვდებით“, ან „როდესმე აუცილებლად გაგვიმართლებს“… ეს მაშინ, როდესაც შესაძლო კავშირი რომელიმე მხარის ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ასაკის გამო უკვე შეუძლებელია… და ხდება პირიქითაც, როდესაც უცბად ცხადდება ცხოვრებაში „ვიღაც ახალი“ და როგორც დიდი ხნის ნაცნობი გეკონტაქტება. გიყენებს პირობებს, გიდგენს წესებს, გახსენებს შეთანხმებებს და თითქოს პასუხს გთხოვს იმისთვის, რომ შენ უბრალოდ „არ დაელოდე“ ან ვერ შეასრულე ნათქვამი სიტყვა… მნიშვნელოვანია ამ დროს იმის გაცნობიერება, რომ თქვენ ახლა სხვა ცხოვრებით ცხოვრობთ და არანაირი „ადრე დადებული პირობის“ შესრულების ვალდებულება, რეალურად არ გაკისრიათ…
კარმულ კავშირებს როგორც წესი, ერთმანეთის უკიდეგანოდ ცოდნის შეგრძნება, ძლიერი ფიზიკური ლტოლვა, და მუდმივად ერთად ყოფნის სურვილი ახასიათებს. სრული ჰარმონია გვერდში ყოფნის დროს ანდა პირიქით, ერთად ყოფნის სურვილი და ამავე დროს, ფიზიკური შეუძლებლობისგან განცდილი ტკივილი.
მთავარია სწორად ამოვიცნოთ მონათესავე სულები და მივხვდეთ რატომ შეგვახვედრა ერთმანეთს სამყარომ… როგორც წესი, ერთ-ერთი მხარე გამცემია, მეორე კი მიმღები… თუმცა ხდება ისეც, რომ უბრალოდ, ხელის ჩაჭიდების, ჩახუტების და ერთად მეტის გაკეთების შესაძლებლობას გვჩუქნის სამყარო …