ვერძი ქალი
„მაგრამ არ აპირებთ, რომ მიირბინოთ და მიეშველოთ?
იკითხა ალისამ…
„აზრი არ აქვს, აზრი არ აქვს!“ თქვა მეფემ. „ის ისე საშინლად სწრაფად გარბის
შეგიძლია ბანდერსნეჩის (მონსტრი) დაჭერაც სცადო“
“But aren’t you going to run and help her?”
Alice asked…
“No use, no use!” said the King. “She runs so fearfully quick
you might as well try to catch a BandersnatchT*
ესე იგი ვერძი ქალი შეგიყვარდათ. არ ვიცი უნდა მოგილოცოთ, თუ უნდა გითანაგრძნოთ.
როცა ბაირონი წერდა – “Man’s love is of man’s life a thing apart; ’tis woman’s whole existence,” (კაცისთვის სიყვარული მის ცხოვრებასთან არაა დაკავშირებული; ქალისთვის კი მთელი ცხოვრებაა) ვერძი ქალის შესახებ დაავიწყდა. შეიძლება ფიქროდბეს, რომ სიყვარული მთელი მისი ცხოვრებაა, მაგრამ ზედმეტად ძლიერადაა მოცული თავის გარშემო არსებული სამყაროთი, არაფერი რომ აღარ ვთქვათ საკუთარ თავზე, მისი ცხოვრება რომ სიყვარულით იწყებოდეს და მთავრდებოდეს. ვისაც არ უნდა შეხვდეთ, ნებისმიერ ქალზე უფრო იოლად იცხოვრებს კაცის გარეშე.
რა თქმა უნდა, კაცის გარეშე ცხოვრება და სიყვარულის გარეშე ცხოვრება ერთი და იგივე არაა. მას ყოველთვის სჭირდება ის ოცნების გმირი, რომელზეც გულის სიღრმეში იოცნებებს. იგი შესაძლოა დიდი ხნის წინ არსებობდა და ახლა შორსაა – ან სადმე თვალ და ხელმიუწვდომელ ადგილას იმალება, სადღაც ხვალინდელი დღის ნისლში გახვეული – მაგრამ ვერძი ქალი მასზე იფიქრებს აპრილის წვიმაშიც. მასზე ფიქრი არ მოასვნებს პირველი ფიფქის დაცემისას, კონკრეტული სიმღერის მოსმენის ან ჭექა-ქუხილის დროს გაელვებისასაც. თუმცა, სანამ ოცნებობს, თუ გარშემო ფიზიკურად ხელშესახებად არცერთი მამაკაცი არაა, მისი არ ყოფნა ძალიანაც არ შეაწუხებს. ნებისმიერი რამის გაკეთებას, რაც იმ კაცს შეუძლია, თვითონ უკეთესად შეძლებდა – ასე ფიქრობს.
ვერძი გოგო თვითონ გაუღებს კარებს თავის თავს. ასევე, თვითონ მოისხამს საკუთარ პალტოს, იბრძოლებს საკუთარ ბრძოლებში, თვითონ გამოიწევს სკამს, დაიჭერს ტაქსის და სიგარეტს მოუკიდებს მამაკაცის დაუხმარებლად. ამის თავისით კეთება, მისთვის, უსწრაფესი გზაა. ჩვეულებრივ, ეს ყველაფერი მამაკაცების მგრძნობიარე ეგოსთან მთლად კარგად ვერ მოდის. მარსიანელი ქალბატონი მონდომებულია წინამძღოლის როლის აღებისათვის, მოქმედებისას პირველი ნაბიჯის თვითონ გადადგმისათვის და ეს რომანში პირველი სვლის გაკეთებასაც მოიცავს. ვერძი ქალებისგან, ყველა მზის ნიშანს შორის, ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი შემოთავაზების მიღება, განსაკუთრებით თუ კაცი აჭიანურებს პაემნის დანიშვნას. რაც შეიძლება მალე უნდა გამოხატოთ თქვენი გრძნობები დარწმუნებით – როდესაც ის გთავაზობთ. მანამდე, შანსი თქვენ გეძლეოდათ. ძალიან ფრთხილად იყავით, სანამ ვერძ გოგოსთან ნაბიჯს გადადგამთ. მას ლიდერობა სურს სასიყვარულო ურთიერთობაში. უმჯობესია დარწმუნებული იყოთ, რომ მისი გული უდაოდ ჯიბეში გიდევთ, სანამ ეცდებით წელზე სტაცოთ ხელი და საღამოს გამოსამშვიდობებელი კოცნა უძღვნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ყბაში ბასრი მარჯვენა რქა ამოგდოთ და შეშინებული ფურირემივით გაიქცეს.
შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მისი გაქცევის მიზეზი ქალწულებრივი სიმორცხვე არაა. თქვენი ვნებიანი მისწრაფებების არ ეშინია. მაგას მოუვლის. მისი გაფრენა, მაღმერთებელ მონასა ან შეყვარებულ ლეკვთან ერთად ურთიერთობაში გახლართვის შიშითაა გამოწვეული, რომლებიდანაც ნებისმიერ მათგანს შეუძლია ცრემლებამდე მოაბეზროს თავი. იყავით სპონტანური, მუდმივად გაუჩინეთ თავსატეხი და დიდი შანსია აქეთ გამოგედევნოთ თვითონვე. კაცი, რომელიც მის ზემოქმედებას უძლებს, ყოველთვის აინტრიგებს ქალ ვერძს. არ ესმის, რატომ ვერ ახერხებს წალეკოს თავისი აშკარა მიმზიდველობით. მსგავს შემთხვევაში, მარსიანული ეგო ქვას არ დატოვებს გადაუტრიალებელს, რათა დაამტკიცოს რამდენად სასურველია, მაშინაც კი, როცა ამ კაცის მიმართ აღარავითარი ინტერესი არ აქვს შერჩენილი.
სკარლეტ ო’ჰარა მარსით მართული ვერძი ქალის თვალსაჩინო სახეა.
სკარლეტის მსგავსად, ვერძი გოგო ასი მილის რადიუსში მყოფ ყოველ კაცს შემოიკრებს ფერხთით, მაშინ, როცა მისი ჯიუტი გული იმ ერთი კაცისაკენ ისწრაფვის, რომელსაც ვერ მოიპოვებს ან ერთი, ან მეორე მიზეზის გამო. სკარლეტის მსგავსად, მარსიანელი ქალი საჭიროების შემთხვევაში სწრაფად ერგება იმ გარემოს, სადაც თვითგადარჩენაა აუცილებელი, წუწუნის გარეშე. ორივე, ო’ჰარაცა და ვერძი პერსონაჟიც, საკმაოდ მტკიცეები არიან, რომ საყოველთაოდ დადგენილ წესებს წინ აღუდგნენ, თვალი გაუსწორონ დაწინაურებულ არმიას, ან თავშიც კი ესროლონ კაცს ყინულოვანი სიმშვიდით, თუ იგი მათ საყვარელ ადამიანებს დაემუქრება.
არასდროს არ ყოფილა სკარლეტი იმდენად მარსიანელი, როდესაც შიმშილობდა, მარტო და უმეგობრო და მის გადასარჩენად მომავალი კაცის ლოდინის გარეშე, ცაში აწვდილი ხელი მომუშტა და იყვირა – „ამას გადავურჩები… და როცა გადავურჩები, ამის მერე აღარასოდეს ვიშიმშილებ… მოტყუება, თაღლითობა, მოპარვა ან მოკვლაც რომ იყოს საჭირო – ღმერთია ჩემი მოწმე, მაგრამ მშიერი აღარასოდეს ვიქნები!“ კარგა ხნის შემდეგ, რაც მისი გრძნობები ნამსხვრევებად იქცა, საყვარელი შვილი მოუკვდა და კაცი, რომელიც უყვარდა, მისი ცხოვრებიდან თითქმის წავიდა, ამ ტიპურ ვერძ ქალს, კიდევ ჰქონდა ძალა ეთქვა – „მოვძებნი რაიმე გზას მის უკან დასაბრუნებლად. არასდროს არსებულა კაცი, რომელსაც ვერ მივიღებდი, რაკი ერთხელ გადავყვეტდი ამას… სხვა თუ არაფერი, ხვალინდელი დღე მორიგი სხვა დღეა.“
დიახ, სკარლეტ ო’ჰარა ზოდიაქოს პირველი მზის ნიშნის ცოცხალ სურათს ქმნის, მთელი თავისი მარსიანული ძალითა და ტრაგედიის შემდგომ წამოდგომის უნარით; ქალის როლის ბოლომდე შესრულების უნარით, მოფახულე თვალებითა და შესაფერის დროშერჩეული ცრემლებით, მაგრამ ამასთანავე, კაცის საქმის თავის თავზე აღების ძალით, როცა კაცები ირგვლივ არ არიან. სკარლეტის პერსონაჟის ყურადღებიანი შესწავლა შესანიშნავად გაგაგებინებთ, რასთან გაქვთ საქმე ვერძ ქალთან ურთიერთობისას – და ბუნებრივია, რა სახის ჯილდოებს შეგიძლიათ ელოდოთ საკმარისი სიმამაცისათვის, იგი რომ აირჩიეთ. მისი აგრესიული დრაივი შესაძლოა რთული ასატანი იყოს, მაგრამ ხვალინდელი დღისადმი მისი ნათელი ოპტიმიზმი და რწმენა, ძლიერ ამამაღლებელია.
ვერძი ქალი უფრო იოლად მოსანადირებელი კომპლიმენტებითაა, თუ ისინი გულწრფელია. აგრძნობინეთ, რომ აღმერთებთ, მაგრამ ენას ზედმეტადაც ნუ დაიტკბობთ და დაიშაქრავთ. მისი ერთგულება სიყვარულში უზარმაზარია, სანამ გრძნობებს არ ახუნებთ და ცინცხლად ინახავთ, რადგანაც იგი ღრმად სენტიმენტალურია. მას ტიპური ვერძული შეუსაბამობა ახასიათებს: არ სურს, რომ ცხადად დასდევდნენ კუდში, მაგრამ მალე კარგავს ინტერესს, თუ ზედმეტად გაუცხოვდებით. მას არ უნდა ყველაფერში მბრძანებელი მამრი, მაგრამ არც ისეთი კაცი დააინტერესებს, რომელიც მის ფეხქვეშ ზის აღფრთოვანებული. სანამ სიყვარული მისთვის ბედნიერების მოტანას შეძლებს, ვერძმა ქალმა მარადიულ მარსიანულ გამოწვევას უნდა გაუსწოროს თვალი – ძლიერი სურვილი შეყვარებულის კონტროლისა, წინააღმდეგ თავისი საიდუმლო სურვილისა კ ა ც ი აკონტროლებდეს. დაუჯერებლად იდეალისტი, ზოგჯერ ის ამაოდ ეძებს იმ მბრწყინავ აბჯარში ჩამჯდარ მამაც რაინდს, რომელიც ფეხქვეშ მიწას გამოაცლის, მსოფლიოს დაიპყრობს, ხელის გულით ნაზად მიაწვდის და მაინც არასდროს დაკარგავს კაცობას. რადგანაც ასეთი კაცი მხოლოდ ზღაპრებსა და მეფე არტურზე შეთხზულ მითებში არსებობს, ვერძი ქალი ხშირად მარტო მიუყვება გზას, გზის გამკვალავი ვარსკვლავის გარეშე. მისი დღეები ნათელი და ამაღელვებელია, ღამეები კი ზოგჯერ ბნელი და ნატვრით სავსე. და მაინც, როდესაც მისი აუსრულებელი ოცნებებისგან მხოლოდ ალმოდებული ნაცარიღა რჩება – როცა, როგორც თქვენ გგონიათ, ცეცხლის ალი თანდათან კვდება, ვერძი წამოდგება ახალი ცეცხლის გასაჩაღებლად.
იგი თქვენით უნდა ამაყობდეს, რომ უყვარდეთ. მაგრამ ისე მნიშვნელოვნადაც ნუ ჩათვლით თავს, რომ მისი ნიჭი და უნარები უგულვებელყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოითხოვს თქვენგან, ორმაგს დაგიბრუნებთ სამაგიეროდ. ვერძი ქალი ნაკლოვანებამდე გულუხვი შეიძლება იყოს თავის დროსა და თანაგრძნობაში, მხიარულად უნაწილებდეს სხვებს თავის ნივთებსა და ფულს, მაგრამ როცა სიყვარულს ეხება საქმე, პირდაპირი გაგებით ძუნწია. „რაც მისია მისია“ რომანის დეპარტამენტში და ძალიან ცოტა რამ იქნება საკმარისი ეჭვიანობის აფეთქების გამოსაწვევად. ნუ გამოხატავთ აღტაცებას თქვენი საყვარელი მსახიობი ქალის მიმართ მის გასაგონად, ან ზედმეტად ბევრი ქათინაურით ნუ აავსებთ მის დაქალებს. კაცი, რომელსაც ვერძი ცოლი ჰყავს, ბევრად უსაფრთხოდ იქნება მამრობითი სქესის მდივნის გარემოცვაში. თუ იგი ყოველ მხრივ პირველი არაა თქვენთვის, მალე დაინტერესდებით სად გაქრა ასე სწრაფად მთელი ის ინტენსიური ვნება და ჟრუანტელის მომგვრელი ემოციები. როდესაც ვერძი ქალი მართლა ძლიერ გულნატკენია, ცეცხლიდან ყინულად იქცევა. მისი ცეცხლი მხურვალედ იწვის და მალე კვდება. მისი ყინული კი სამარადისო შეიძლება იყოს. დაიმახსოვრეთ ეს, თუ ღრმად გაღელვებთ იგი – და საეჭვოა, რომ უფლებას მოგცემთ სხვანაირად გაღელვებდეთ. ვერძი მარადიული გრძნობისათვის თამაშობს.
იგი თავის საყვარელ ადამიანს კვარცხლბეკზე აყენებს, მისგან მოელის, რომ სრულყოფილების შეუძლებელ სურათს დააკმაყოფილებს, ჯიუტად არ მოინდომებს მის თიხის ფეხებს შეხედოს, სანამ ისინი იმდენად არ ატალახდება, რომ მისთვისაც კი შეუძლებელი არ გახდება თვალის არიდება. არასდროს გააკრიტიკოთ ვერძი ქალის საყვარელი, ქმარი ან შვილები, თუ აზბესტოსის (მინერალი) აღჭურვილობა არ გაცვიათ. შეუძლია მომთხოვნი, ეგოისტი იყოს და მწარე შენიშვნებს ისროდეს, როდესაც მის იმედით სავსე გეგმებს ასწორებთ მიწასთან. ასევე, აქვს სინაზის, თავდადებისა და თანამშრომლობის უნარიც, როდესაც სხვებიც ასეთები არიან.
რადგანაც ქალების საზოგადოებას კაცებისა ურჩევნია და ყოველი შემხვედრი მამაკაცისაგან აღტაცებას იმსახურებს, ცხრა წლის იქნება თუ ოთხმოცდაათის, ბევრი შესაძლებლობა მოგეცემათ იმ პატარა ეჭვიანობის მწვანე მონსტრების ჩხვლეტები იგრძნოთ. დაივიწყეთ. რამდენადაც ძლიერად მესაკუთრეა თქვენს მიმართ, იმდენად არ შეეგუება თქვენს მესაკუთრეობას თავის მიმართ ერთი წამითაც კი. ვერძი ქალი სრულ თავისუფლებაზეა დაჟინებული, ქორწინებამდეც და მის მერეც. უნდა ენდოთ ყველაფერში, რასაც არ უნდა აპირებდეს და აკეთებდეს, თუმცა თვითონ ამგვარი რწმენით არ მოგიდგებათ (თუ ემოციების გაკონტროლება არ ისწავლა სასიკვდილოდ მძიმე გზით, რამაც შეიძლება თითქმის მართლა მოკლას). არც ისე ცუდია, როგორც ჟღერს, რადგანაც ერთგული იქნება, რაკიღა ერთხელ ნამდვილად თქვენი გახდება. ვერძ გოგოს იშვიათად შეუძლია ორი კაცი უყვარდეს ერთდროულად. უბრალოდ, ზედმეტად პატიოსანია მსგავსი თვალთქმაქცობისათვის. გარდა უჩვეულო შემთხვევებისა, იგი აუცილებლად ნათლად გაგაგებინებთ, რომ თქვენი სიყვარული მკვდარია, ვინმე სხვასთან ურთიერთობის დაწყებამდე.
ამ ქალს ღრმა ვნება და მისტიკური იდეალიზმი ახასიათებს, ერთმანეთთან უცნაურად შერწყმული. ნებისმიერ ურთიერთობაში, როცა მიხვდება რომ ის ნამდვილი და სამუდამოა, მისი მხრიდან არ იქნება არანაირი უკან დახევა, ქალური ეშმაკობები, კეკლუცი ხრიკები ან სულელური თამაშები. მისი სიყვარული, მისი საუბრისა და საქციელის მსგავსად, პირდაპირია. არის რაღაც სუფთა და ცინცხალი მისი ემოციების აშკარა უბრალოებაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ემოციები ხშირად ბევრ პრობლემას უქმნის. შესაძლოა მისი ცოტა მოთოკვა დაგჭირდეთ, მაგრამ ამას გასაოცარი მორჩილებით შეხვდება, თუ ნამდვილად უყვარხართ.
მარსიანელი ქალები ხშირად კარიერისტები არიან. მათ თითქმის ნებისმიერ პროფესიასთან გამკლავება შეუძლიათ, რასაც კაცები ასრულებენ, დაწყებული საბირჟო და დამთავრებული უძრავი ქონების აგენტობით. ასევე შეუძლიათ საკმაოდ კარგი პოზიცია ან პროფილი შეიქმნან ისეთ მკაცრად ქალურ საქმიანობებში, როგორიცაა მოდელობა და მსახიობობა. რთული იქნება თავისი საქმიანობისათვის თავი დაანებებინოთ, თუ ეს წარმატების მომტანი კარიერა ან პროფესიაა. შესაძლოა ის დროებით მოისროლოს წყალში, სანამ რომანის ბრწყინვალებითაა აღტყინებული და ზღვისპირა ორკაციანი ზღაპრული კოტეჯის სურათებს ხატავდეს წარმოსახვაში (ტიპური მახასიათებელი ვერძული წარმოსახვისათვის, რომელიც პირდაპირ ურთიერთობის ლამაზ ნაწილზე ორიენტირდება და მის მახინჯ მხარეს ყურადღებას არ აქცევს). მაგრამ როდესაც კოტეჯს უკვე გადაღებვა სჭირდება, ჭერიდან წყალი იწყებს ჟონვას და პირველი ნაზი აღფრთოვანება ოდნავ გაფერმკრთალდება, შეშფოთებული სასწრაფოდ მოძებნის თავის სოციალური დაზღვევის ბარათს. აცალეთ ასე მოიქცეს. უფრო ბედნიერი და უფრო მოსიყვარულე იქნება – უფრო მეტად ნაზიც კი – თუ ნებას მისცემენ თავისი თავისუფალი საათები, ისეთი რამით შეივსოს, რაც აინტერესებს. მარსიანული ემოციები, დაუკმაყოფილებელი, დაბრკოლებების უზარმაზარ მთაში გაჩენილ მძვინვარების თხუნელის სოროებს ჰგავს.
პრაქტიკულად არაფერი არსებობს, რასაც ეს ქალი არ მოჰკიდებს ხელს. თუ გამოწვევაა ან უბრალოდ, რაიმე ისეთი, რაც ცხოვრების გამოსაცოცხლებლად სურს, აუცილებლად მოსინჯავს მას რამენაირად, მიუხედავად იმისა პრაქტიკულია თუ არა იგი. ვიცნობ ვერძ ქალს, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გამო იძულებული შეიქნა რამდენიმე წლის განმავლობაში, ორ ოთახში, ქმართან, ხუთ ცელქ ბავშვსა და ძაღლთან ერთად ეცხოვრა.
ასეთი სახის გადანაწილებამ შესაძლოა თავი ცოტა ვიწროდ აგრძნობინოს და მარტო ამაზე ფიქრმაც კი ეჭვები გაუჩინოს საღი აზრის მქონე ქალს. მაგრამ არა მარსიანელს. ის ვერძი, როგორღაც უმკლავდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავს უფლება მისცა ამ სიტუაციის გამო რამდენიმეჯერ გაცხარებულიყო. შუა გასაჭირისას, როცა ასტროლოგმა მის პირად რუკაში ჩაიხედა და მიუთითა, რომ პლანეტების ასპექტები მის ცხოვრებაში ხანგრძლივ დიდ სირთულეებზე მეტყველებდნენ, იგი საგონებელში ჩავარდა და ცნობისმოყვარეობა აღეძრა. „როდისაა მოსალოდნელი, ეგ ყველაფერი, რომ მოხდეს?“ – სურდა გაეგო.
ერთ მშვენიერ დღეს, იმავე იმპულსურ ვერძ ქალს გაუჩნდა უცაბედი სურვილი, ორ ოთახში დაბანაკებულ ჯგუფისათვის, კიდევ ერთი ძაღლი შეემატებინა. იფიქრა, რომ ოჯახის მამალ შინაურ ცხოველს დედალი მეწყვილე სჭირდებოდა. მარტოსული ჩანდა. გარდა ამისა, ბავშვებსაც კარგ და სახალისო აზრად ეჩვენათ. აღმოჩენამ, რომ მეორე ძაღლი შინაური არ იყო და სახლში მოქცევა არ იცოდა, მხოლოდ დროებით დააბნია. მონდომებული სამხედრო სერჟანტივით, ოჯახის ყველა წევრისათვის ჯაგრისით ხალიჩის გაწმენდის მორიგეობა დააწესა. მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ხალიჩა ისეთივე ვეღარასოდეს გახდებოდა, მდგომარეობას გადახედა და გადაწყვეტილება მიიღო. მეორე ძაღლის მოშორება? რა თქმა უნდა, არა. გულის სიღრმეში იმედოვნებდა, რომ ოდესმე ახლო მომავალში ლეკვები გაჩნდებოდნენ. უბრალოდ, ფული როგორმე, საიდანმე უნდა მოსულიყო, რომ ახალი ნოხი ეყიდათ. რა სასაცილოა – მოვიდა. რაც შეეხება ლეკვებს, დარწმუნებული იყო, რომ ამ სასიხარულო მოვლენამდე რაიმე სასწაული მოხდებოდა, რისი წყალობითაც მთელი ჯალაბი ახალ ბინაში გადავიდოდა. რა სასაცილოა – მოხდა. სასწაულებს ახასიათებთ ერთი რამ, იმათ ემართებიან ვისაც მათი სჯერა. ვერძ ქალს ნამდვილად სწამს. ზოგჯერ სულელურადაც კი. მისმა სულსწრაფობამ და ნაჩქარევმა ქმედებებმა შესაძლოა რამდენიმე რთულ უსიამოვნებაში გახვიოს და რამდენიმე ჭაღარაც გაუჩინოს, სანამ ერთი და იმავე უსიამოვნების თავიდან აცილებას ისწავლის მეორე ჯერზე. ვერძი არ გამოირჩევა გამოცდილების ხარჯზე ჭკუის სწავლით. სულით და მისწრაფებით გულმოდგინეა, მაგრამ ხასიათით ურყევი. აზრი არ აქვს ტიპური ვერძი ქალის გაფრთხილებას ეცადოთ ბიბლიური ანდაზით – სიამაყე დაცემის წინ მიდის. ფრაზის მისეული ინტერპრეტაცია, რაც იგი პირველად მოისმინა საკვირაო სკოლაში, მას მერე, ასეთია – როცა შენი სიამაყე მიდის, ეცემი.
არასდროს იფიქროთ იმაზე, რომ თქვენი ვერძი გოგო მაჩოების მომხიბვლელობას ვერ გაუძლებს. მაჩოებისა და მექალთანეების წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს და უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას ვინმე იდეალისტმა არ აცდუნოს რაიმე იდეით, სავარაუდოდ წინასწარ განწირული იდეით. მაგრამ მასთანაც კი, ხშირად დაიცავს თავის ინდივიდუალიზმს. ამას, სრულიად, ვერასდროს მოკლავ მარსიანელ ქალში, მაგრამ შერბილება შესაძლებელია შესაფერისი კაცის ხელში. გიყიდით საჩუქრებს, გასესხებთ ფულს, მოგივლით ავადმყოფობისას და დაგეხმარებათ სამუშაოს შოვნაში.
და იმავეს მოელის თქვენგანაც.
მხურვალედ უარყოფს ამას (იგი თითქმის ყველაფერს მხურვალედ აკეთებს), მაგრამ როცა თვითონ უბედურია, თქვენც უბედური უნდა იყოთ. როცა ბედნიერია, თქვენც – ბედნიერი. მოელის, რომ თანაზიარი იქნება თქვენი საპარსის, საბანკო ანგარიშის, მეგობრობებისა და ოცნებებისაც. სანაცვლოდ, თქვენ შეგიძლიათ მისი გაიზიაროთ. რა თქმა უნდა, შესაძლოა მისი საპარსი გატეხილი იყოს, ბანკის ანგარიში ვალებში წასული, მეგობრობები ოდნავ აწეწილი და ოცნებები კი – ზედმეტად დიდი ჩასაყლაპად. მაგრამ ამ ყველაფერს ეგოისტურად არ უდგება. მისგან რამის გასაიდუმლოებამ შესაძლოა გააცოფოს და არც ისე კარგი აზრია ვერძი გააცოფო. არასდროს შეარცხვინოთ თქვენი გრამატიკით, ჩაცმულობითა და საქციელით საზოგადოებაში. არც ის შეგარცხვენთ, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხებში მაინც.
სიამაყის შელახვა ან ენთუზიაზმის ჩაკვლა თითქმის გულს გაუტეხავს. სხვები მუდმივად ზუსტად ასე მოექცევიან. სამყარო გულს ტკენს ქალს, რომელიც მას სიტყავს უბრუნებს, ეპასუხება და რომელიც ფიქრობს, რომ ყველაზე უფრო მეტად ჭკვიანია. როცა აღმოაჩენს, რომ მსოფლიოს მმართველი თვითონ სულაც არაა, თქვენს მკლავებში მოირბენს აცრემლებული, შეგრძნებით, რომ მისი სამყარო ჩამუქდა და სევდამ მოიცვა. მაშინ შესაძლებლობა გექნებათ დაინახოთ, თუ როგორია სინამდვილეში, უკიდურესად დაუცველი და ტკივილისადმი მგრძნობიარე, მთელი თავისი გარეგნული თვითრწმენის ნაცვლად. სინამდვილეში მართლა „გემის კაპიტანი ენი“ (1933 წ-ის ფილმი) კი არაა. უბრალოდ, უნდა რომ იყოს. აღმერთებს ძლიერებას და ცდილობს, ითამაშოს ის. ვერძის იდეალიზმი და ოპტიმისტური რწმენა ადამიანის ბუნების მიმართ, ხშირად ნაწილებად იმსხვრევა სინამდვილის მიერ. ნაზად ნუგეში ეცით ასეთ დროს და ალბათ არასდროს დაკარგავთ მას. ყოველთვის დაიცავით თავისი მტრებისაგან. ვერასდროს შეძლებს გაპატიოთ, თუ მისთვის ბრძოლაში დამარცხდებით ან მის მხარეს არ დაიჭერთ. (მაგრამ მზად იყავით იმავე მტრებს აპატიოთ, როცა თვითონ ამას გააკეთებს, რაც შეიძლება სწრაფადვე მოხდეს.) ყოველ შემთხვევაში, ამას მოწონებით არ შეხვდება. თვითონაც დაგიცავთ. ვერძი ქალი არ მოერიდება ნებისმიერის არც სახელს და არც ქონებას და პირდაპირ პირში მიახლის ყველაფერს უტიფრად, ვინც მის მეგობარს რამეს დაუშავებს. თუ უყვარხართ, მის გულისწყრომას საზღვარი არ ექნება. ეს ქალები ერთგულების განსახიერებები არიან.
როგორც ცოლი, საკმაოდ გამოსადეგარი შეიძლება იყოს. სავარაუდოდ, ექნება სხვა ინტერესებიც სახლის გარდა, რადგანაც ოჯახი იშვიათადაა საკმარისი მისი შემოქმედებითი ძალებისათვის. არც ელოდოთ, რომ პატარა მხიარული ჭრიჭინა იქნება, კერიასთან კმაყოფილებით მოჭიკჭიკე. საკმარისად კომპეტენტური მზარეული იქნება და სახლიც მუდმივად შესანიშნავად დასუფთავებული ექნება – ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი მაინც, რომელიც ჩანს. ღილებსაც დაგიკერებთ და მაისურებსაც გაგიუთოვებთ, ასევე, მაგრამ ეს არ ეყვარება. და მაინც, გააკეთებს, როცა საჭიროება მოითხოვს. (ვერძ ქალს თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც საჭიროება მოითხოვს). იგი მოელვარე ბრილიანტი უფროა, ვიდრე ბუხრის თბილი, მყუდროების მომტანი ათინათი. მის ბუნებაში უეჭველად არის ერთი მტვრევადი მხარე და შესაძლოა უფრო ხშირად აგაღელვოთ, ვიდრე სიმშვიდე მოგგვაროთ. მაგრამ იგი ამაღელვებელია და ნამდვილად არასდროსაა მოსაწყენი. ასევე, ყოველთვის დგება სინაზის ის წუთები, რომელიც მის ძლიერ დრაივთან შეუსაბამოა – იმ კაცისათვის, რომელსაც საკმაო მოთმინება ჰყოფნის, მათ გამოსავლენად. მარსიანელი ქალები ყოველთვის ნებისმიერზე უფრო რბილები არიან შინაგანად, მაგრამ ამას მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვინც მათთან ოდესმე მართლა ახლოს ყოფილან. მისი საუბარი ჭკვიანური და ხშირიც იქნება. ნუ დაიმალებით საუზმისას გაზეთების უკან. თქვენგან კომპანიონობას ელის, თუ არადა, შეგიძლიათ კვერცხი თვითონვე მოიმზადოთ.
იშვიათად მოისმენთ მის წუწუნს ავადმყოფობასა ან დაღლილობაზე. მაგრამ როდესაც დამწუხრებულია, თქვენგან ტონობით თანაგრძნობას მოელის. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ გამოგივიდეთ საწოლში გააჩეროთ მაღალი სიცხისას, მზად იყავით მისი ყველა სურვილის შესრულებისთვის, როცა კბილი სტკივა.
ეს არაა ის ქალი, რომელსაც დაურეკავთ და ეტყვით, რომ გვიანობამდე ოფისში იქნებით სამუშაოდ, თუ ოთხი ივლისის (დამოუკიდებლობის დღის) ფეიერვერკების ყურება შუა თებერვალში არ გიყვართ. წვნიანის ხელახლა გაცხელება არ შეაწუხებს, მაგრამ ნამდვილად არ მოეწონება, თუ არ ეცოდინება სინამდვილეში სად ხართ და სინამდვილეში რას აკეთებთ და შესაძლოა გადმორეკოს კიდეც გამოსარკვევად. ვერძი ცოლი სავარაუდოდ შესანიშნავ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს უფროსზე, თუ მოახერხებთ და არ ათქმევინებთ მისთვის, როგორ მართოს ბიზნესი. მისთვის არაფერია გასვლა და ბეკონის მოტანა, როცა დროებით უმუშევარი ხართ, მაგრამ ვერასდროს შეძლებს პატივი სცეს კაცს, რომელიც მასზე ნაკლებს გამოიმუშავებს (თუმცა ვერძი ქალი ამ მიზეზით კაცს არასდროს მიატოვებს – უფრო მიდრეკილი იქნება ნამუსი მოწმინდოს სხვების თვალში). თუ ოდესმე იშვიათი წყევლა დაემართება და თავის მოვლას თავს დაანებებს, პირველივე უკმაყოფილო სიტყვა თქვენგან სარკესთან და სუნამოს ფლაკონთან მიაფრენს. (ამ კუთხით, თვით ევასავით ქალურია). ასევე, ხოტბის შესხმას თქვენი მდივნის ახალი ვარცხნილობისათვის, ამნაირივე ეფექტი ექნება, მაგრამ უფრო საშიშია. გარდა ამისა, მგონი გაგაფრთხილეს კაცი მდივანი აიყვანეთო. მარსიანელ ქალში არის პატივმოყვარეობის მარცვალი, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის ყველაფრის მიმართ, დაწყებული თავისი ასაკიდან, დამთავრებული უწყინარ შენიშვნამდე – თუ როგორი დაღლილი ჩანს, რომელიც შესაძლოა მინიშნებად ჩათვალოს, რომ მიგაჩნიათ, თითქოს ბებერი კუდიანივით გამოიყურება.
ნუ მოკლავთ ვნებასა და სიყვარულს ქორწინებაში, თორემ საოცრად უბედური იქნება. ვერძი ცოტა დროს თუ დაუთმობს ნებისმიერი მდგომარეობის გამოსწორებას, რომელიც მისი უბედურების მიზეზია და ამან შესაძლოა უცაბედ დაშორებასა ან იმპულსურ განქორწინებამდე მიგიყვანოთ. უმეტეს შემთხვევაში, არც თუ ისე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება ოჯახის საბანკო ანგარიშის მართვა მას მიანდოთ, მაგრამ შეგიძლია სცადოთ, თუ ბანკი თამაშია.
როგორც დედა, იზრუნებს, რომ ბავშვი სუფთა, ბედნიერი, ჯანმრთელი და სიყვარულით გარემოცული იყოს. სავარაუდოდ, ყოველ წამოტირებაზე არ აიყვანს, არ ეფოფინება და გადაჭარბებითაც დამცველი არ იქნება. მაგრამ მისი შვილები ბევრ თბილ, იმპულსურ კოცნასა და ჩაუხტებას მიიღებენ. აპრილში დაბადებული დედა ასწავლის მათ ლეპრეკონების არსებობა დაიჯერონ. პარკში წაიყვანს სასეირნოდ და გაზონზე დატოვებულ ფერიების ყელსაბამებს დაანახებს, მთვარის შუქზე ცეკვისას რომ დარჩათ, როცა სხვები ამის მაგივრად, შესაძლოა, მხოლოდ ბალახზე შერჩენილ დილის ნამს ხედავდნენ. ვერძი ქალები თავიანთი ბავშვებისათვის წარმოსახვით ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან. თვითონაც იქ ცხოვრობენ. ის არ იქნება მშობელი, რომელიც ყველაფრის ნებას მისცემს მათ, მკაცრად გაამახვილებს ყურადღებას დისციპლინაზე და სავარაუდოდ, წარმატებითაც გაზრდის თავის შთამომავლობას დამოუკიდებელ პიროვნებებად. ბავშვის ფსიქოლოგიის მისი საყვარელი იარაღებია: ხის ნიჩაბი, ძილისპირული ზღაპრები და კოცნა ძილის წინ.
ეს ქალი შესაძლოა უმიზეზოდ ფიცხი იყოს და მრისხანების სცენები დადგას. მაგრამ მისი უცაბედი გაბრაზება ზაფხულის სეტყვასავით დაიშლება და დადნება. არასდროს ჩაიდებს ბოღმას გულში, არ დაიწყებს შურისძიებას, არ ჩაეფლობა საკუთარი თავის შებრალებასა და მწუხარებაში. ემოციური შტორმის შემდგომ, მისი ოპტიმისტური, აპრილის ბუნება, თავსხმა წვიმის შემდეგ წარმოქმნილი ცისარტყელასავით დაბრუნდება. ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ ვერძი ქალი სრულიად მამაკაცურია, მაგრამ თქვენ არ დაიჯეროთ. იგი მთლიანად ქალია თავის ტრაბახა, თავდაჯერებული გარეგნული სახის მიღმა, შესაძლოა ზედმეტად დიადი ქალიც კი რიგითი კაცისათვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, რაინდი მბრწყინავ აბჯარში რიგითი ჩვეულებრივი კაცი არაა. ხართ, ვინმე ეული, მამაცი რაინდები მანდ? ის თქვენი ოცნებების შესაფერისი ქალბატონია, ღირს ყოველ დრაკონად, რომლის დამარცხებაც მოგიხდებათ, მის მოსაპოვებლად.
არ დაგავიწყდეთ, რომ იოლად შეიძლება ეტკინოს, მიუხედავად ნათელი, მამაცური ღიმილისა. (ეს უბრალოდ ფარია ტკივილის წინააღმდეგ). თუ შეძლებთ ვერძი ბატკნად გადააქციოთ, გეყოლებათ გულწრფელი, ვნებიანი, ერთგული და საინტერესო ქალი – თუმცა შეიძლება ცოტა იმპულსური, უფროსობის მოყვარული და დამოუკიდებელი იყოს. კარგით, მაგრამ იცით, ყველაფერი ერთად ვერ გექნებათ. ვერძი გოგონა დაგეხმარებათ თქვენი დაკარგული ოცნებების პოვნაში და მტკიცე რწმენა ექნება ყოველი მათგანის მიმართ. არც ერთი არ გაქვთ? ცოტაოდენი მას გამოართვით. უამრავი აქვს თქვენთვის გასაყოფად. იმდენადვე ძლიერად თუ გწამთ მისი, რამდენადაც მას – თქვენი, ერთად ბევრი სასწაულის შექმნა შეგიძლიათ.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…