ვერძი კაცი
მან თქვა „მე ჩემი გზით მივდივარ
და როდესაც ვპოულობ მთას
ცეცხლში ვახვევ…“
„მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში
იმ ბაღში შევალ
და არ მაინტერესებს რა მოხდება.“
ის არსება, აი იქ, ტელეფონზე რომ რეკავს – ელექტრულად მუხტიანი ენერგიული ადამიანია? ალმოდებული ჩირაღდანი? მტაცებელი ფრინველი, აფეთქება – თუ სუპერმენი? კარგი, სინამდვილეში, ეს ვერძი მამრია, რაც თითქმის იმავეს ნიშნავს. მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ იცით, რასაც ეძებთ. საინტერესო და ამაღელვებელი უნდა იყოს, ვერძი კაცი ამას უხვად უზრუნველყოფს, იშვიათად დადგება მოსაწყენი მომენტი, რომელიც ნაპერწკლების კაშკაშს გაანელებს. მაგრამ თუ უსაფრთხოებასა და მაამებელი სიყვარულის ჭეშმარიტ არსს ეძებთ, მაშინ შეუფერებელ ტელეფონის ჯიხურში მოხვედრილხართ.
ვერძმა შესაძლოა ფიცხი ვნებით წაგლეკოთ ერთ წუთს და პოლარული დათვივით გაიყინოს მეორე წამს. შეურაცხყავით ან დააკარგვინეთ ინტერესი – რომელიმე ან ორივე – და ეს თბილი, იმპულსური მარსიანული ბუნება მაშინვე გაიყინება. მისი ხელახლა ანთება შესაძლოა ყველაფრის ხელახლა დაწყებას ნიშნავდეს აქტი პირველი, სცენა პირველიდან.
ვერძი კაცები ერთნაირად იწვიან იდეებისა და შემოქმედებითი ენერგიისაგან. მის გვერდიგვერდ მიყოლა შესაძლოა დამღლელი იყოს, მაგრამ სჯობს მიჰყვეთ. მენტალურად მაინც. ვერძი ლოკოკინებს გზაზე ტოვებს და უკან არც იხედება. სავარაუდოდ, ახალგაზრდულად გამოიყურება და იქცევა, რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ახალგაზრდული აურა შესაძლოა მენტალურ და ემოციურ დამოკიდებულებებშიც გადაჰყვეს მანამ, სანამ მოწიფულობის ხანას არ მიაღწევს, რაც მალე არ დადგება მის ცხოვრებაში. ვერძ კაცს მოთმინება არ ჰყოფნის ნელი ქმედებისათვის, მამაცი და თავდაჯერებული, ყოველთვის სხვებზე წინაა და ზოგჯერ, თავის თავზე წინაც. უკიდურესად გულუხვი შეიძლება იყოს, გასცეს თავისი დრო, ფული, თანაგრძნობა და ქონება ხალისიანად, დიდი რაოდენობით, უცნობებისათვის. მაგრამ შეიძლება ასევე აუტანლად შეუწყნარებელი, დაუფიქრებელი, ეგოისტი და მომთხოვნი იყოს, როდესაც სურვილების შესრულებას უგვიანებენ, ან იძულებულია უარყოფით ხალხთან ერთად იურთიერთოს.
როცა სიყვარულს შეეხება საქმე, აბსოლუტურად გამაოგნებელია მისი უყურადღებო დამოკიდებულება. გადაეშვება სასიყვარულო ურთიერთობაში, სრულიად დარწმუნებული, რომ ესაა ერთადერთი ნამდვილი სიყვარული, რაც კი ნებისმიერ ამქვეყნად შობილ ორ ადამიანს შორის ყოფილა, შესაძლოა რომეო და ჯულიეტას გამოკლებით. როდესაც იგი იმსხვრევა, აკრეფს ნამსხვრევებს და ყოველ იმ კუთხიდან მოსინჯავს, რაც მკვდარი სიყვარულის გადასარჩენად მოაფიქრდება. თუ აღდგენა შეუძლებელია, ყველაფერს ხელახლა ახალ ჯულიეტასთან ერთად დაიწყებს და ყველაფერი ისევ პირველი შემთხვევასავით იქნება. მიუხედავად იმისა, რამდენ რომანტიკულ შეცდომას უშვებს, ვაცი დარწმუნებულია, რომ მისი ნამდვილი სიყვარული მომდევნო ოცნებაშია. მორიელი თუ არ ხართ, ვერძი იმდენად ვნებიანია, რამდენადაც ნებისმიერი ქალი მოისურვებდა. ცოტა რამ თუ რჩება სანატრელად. ის იმდენად იდეალისტი და გრძნობებისაკენ მიდრეკილია, რომ ყველა თრთოლვას, ამოსუნთქვას, ექსტაზსა და პოეზიას გამოწურავს, რის გამოწურვაც თქვენი ურთიერთობიდანაა შესაძლებელი. ვერძს არ შეუძლია ნახევრად გააკეთოს რამე. იგი იმ წუთის მწველ ინტერესს მთლიანად უძღვნის თავს.
შესაძლოა, უფრო ჩუმ ცხვართაგან, ერთერთან მოგიწიოთ ურთიერთობა. არ მისცეთ ნება გაგასულელოთ. იგი მაინც მარსისგან იმართება. ბევრს არ ლაპარაკობს პირდაპირ? ღიად ენერგიული და მიმწოლი არაა? ჰო, მეც ვიცნობ ერთს მასეთს. მაგრამ ენდეთ ჩემს სიტყვას, იმ ჯიუტ თავში რომ ჩაგახედათ, აღმოაჩენდით, რომ მისი ტვინი წამში დაახლოებით ორასჯერ გადატრიალდება. ნებისმიერ დროს, როდესაც მსგავს მათგანს გადააწყდებით, ერთი შეხედვით რომ ტიპური მარსიანული დრაივი არ ემჩნევა, შეამოწმეთ ბიზნესის წლიური ამონაწერი, რომელსაც იგი მართავს. მალე დარწმუნდებით, რომ ვერძთან გაქვთ საქმე. შემდეგ დაეკითხეთ მის ყოფილ შეყვარებულებს. სავარაუდოდ ხითხითით გიპასუხებენ. „ის? მორცხვი? მორიდებული? ალბათ სხვა ვინმეს გულისხმობ.“ ცოტა ხნის მერე, უკვე უნდა შეგეძლოთ საერთო სურათის წარმოდგენა. ეს ჩუმი ქცევა ნიღაბია ცეცხლოვანი გულისა და ძლიერი ბიზნეს დრაივისათვის. ბუნებრივია, უფრო იოლია, როცა უბრალო, ჩვეულებრივი ვაცი გიყვარს, რომელიც აშკარად გამოხატავს რამდენად ენთუზიაზმით უდგება ყველაფერს, კარტოფილის ჩიფსებიდან დაწყებული, მთვარის შუქითა და ავტომობილით მოგზაურობით დამთავრებული.
არცერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ისე სკურპულოზულად ერთგული იყოს, როგორც ვერძს, როდესაც იგი საბოლოოდაა შეყვარებული. პატიოსნება, ჩვეულებრივ, არ მისცემს ნებას, რომ გაგასულელოთ, იდეალიზმი კი, საერთოდ ამის სურვილს. შემთხვევითი, ორმაგი ურთიერთობები ან თუნდაც მსუბუქი ფლირტი არაა ვერძული ჩვევა, მიუხედავად ყველაფრისა, რასაც წიგნები ამბობენ. მაშინ არა, როცა ღრმად შეყვარებულია, მთელი თავისი გულით. იგი ზღაპრულ რომანს ეძებს და ზღაპრებში აღწერილი რომანი არასდროს მოიცავს ჩვეულებრივ დამოკიდებულებას სიყვარულისა და სექსის მიმართ. ის სხვა გოგოები მანამ იყვნენ ს.თ.გ. („სანამ თქვენ გამოჩნდებოდით“). საერთოდ, ვიცნობ ერთ ვერძს, რომელიც ხშირად წინა წლების შესახებ საუბარს, ამჟამინდელი ცეცხლით, ასე იწყებს: „ ეს ჩ.ი.“ (ეს ჩვენამდე იყო).
რა თქმა უნდა, არ უნდა მოდუნდეთ სამომავლო შესაძლებლობების მიმართ, რადგანაც რამდენადაც გულწრფელია ახლანდელ თავდადებასა და სრული ერთგულების დაპირებებში (რომლებიც, ეჭვგარეშეა, აბსოლუტურად ნამდვილია), მისი რომანტიკის მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ნებისმიერ ადგილას ეძებოს, თუ მის ილუზიებს მუდმივად არ შეასხავთ ხორცს. იმ წუთიდან, როდესაც თქვენს ორმხრივ სიყვარულს საშუალებას მისცემთ ზღაპრულის იერსახე დაკარგოს, შესაძლოა მთავარი გზიდან გადაუხვიოს. იმ შემთხვევისათვის თუ ზუსტად არ იცით, ზღაპრული სიყვარული, მისთვის ღამით ისეთ ქალთან ერთად დაძინებას არ მოიცავს, რომელიც ხველის შესაჩერებლად მკერდზე ვაზელინწასმული იძინებს. ასევე არ მოიცავს თქვენი ინტიმური პირადი ტუალეტის ყურებას, როგორიცაა ფრჩხილების გაპრიალება, კბილების გათეთრება, თმის გაღიავება „ქერები მეტად მხიარულობენ“ გამაუფერულებლით, ნამზეურისგან დამწვარი კანის აფცქვნა, ფრჩხილების ქლიბვა ან საათობით დედათქვენთან ჩხუბი ტელეფონზე. როგორღაც, მის გონებაში, ეს არ უკავშირდება ზღაპრული პრინცესების ქცევას. და უფალმა ხომ იცის, ჯულიეტა არასდროს დაჯდებოდა მაღლა ფეხებშემოწყობილი, ტოფიტის ღეჭვით ტელევიზორის საყურებლად. გესხათ სუნამო, როცა ის გარშემოა და დაქალებთან მაშინ იხითხითეთ, როცა არ არის. ცოტა რთულად წარმოიდგენს თავის თავს პრინც მომხიბლავობად, როდესაც კოცნით გაღვიძებთ და პასუხად ან ხვრინავთ, ან უსიამოვნოდ ყვირით „ღვთის გულისათვის, დამაძინე“. ახლა, გულწრფელად ვთქვათ, ასე მოიქცეოდა მძინარე მზეთუნახავი, როცა გაიღვიძა? მოემზადეთ ყოველ დილით დანამული თვალებითა და სუნთქვაშეკრული შეხვდეთ, კოხტად გადმოსული თქვენი ოცნებებიდან, აღფრთოვანებით, რომ მისი მიმზიდველი სახე ასე ახლოსაა თქვენთან. და მასაც გააგებინეთ ეს.
ვერძი კაცები, რომელთა „სიცოცხლეები“ რომანტიკას უგულვებელჰყოფენ, პირველ რიგში, გულგატეხილები არიან. შემდეგ ბრაზდებიან. შემდეგ მიდიან ისეთი პრინცესის საძებნელად, რომელიც არ ხვრინავს და ა.შ. ეს არაა უპატიოსნობა, რადგანაც იგი შეწუხებულია. პირობა მას არ დაურღვევია. თქვენ დაარღვიეთ. თქვენ აფიქრებინეთ, რომ საყვარელი ბულბული ხართ, მთვარის შუქზე მოგალობე, როგორც მის საყვარელ სიმღერაშია. ახლა, აღმოაჩენს, რომ მოლაყბე ციყვი ან მატყუარა ლურჯი ჩხიკვი ყოფილხართ და ელდა გამოაღვიძებს თავისი მოგალობე ანგელოზების ზეციური სამყაროდან და ზარების რეკვისაგან, თქვენს ხელთან შეხებისას. როგორ დარეკავენ ზარები, როცა ხელში ყოველთვის სავსე საფერფლეები გიჭირავთ და როგორ გაიგებს ანგელოსთა გუნდის გალობას, როცა უყვირით, რომ ზედიზედ ორი ღამე მოვიდა სახლში შუაღამის გადაცილებით? (რაც გააკეთა, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ ვინ ხართ, რომ იფიქროთ, რომ შეგიძლიათ ყოველი მოძრაობა უკარნახოთ? ქორწინება ციხე არაა, თქვენ არ ხართ მისი სატუსაღოს უფროსი – ესაა მისი დამოკიდებულება.)
თუ ისწავლით, როგორ გაახილოთ თვალები და შეხედოთ დანისლული მზერით და ყველაფერ დანარჩენს, სიხარულით დარჩება თქვენთან და არც ერთ ქალს მიაქცევს დედამიწაზე ყურადღებას თქვენს გარდა. ვაცისგან უკიდურესად მოულოდნელია, რომ ფიზიკურად ერთდროულად ერთ ქალზე მეტთან დაიჭიროს საქმე (თუ ტყუპების ასცენდენტი ან პირად რუკაში ვენერის დაზიანებები არ აქვს). უბრალოდ, ეს არ ჯდება ერთადერთი ნამდვილი და ხანგრძლივი სიყვარულის მისეულ წარმოდგენაში. გადაწყვეტილებას, დაარღვიოს ძველი ფიცი, ყოველთვის მანამ მიიღებს, სანამ ზედმეტად ღრმად შეტოპავს ახალთან. ბევრ გაფრთხილებას მიიღებთ. ვერძი კაცი იშვიათად გაითამაშებს ვნებას, რომელსაც არ გრძნობს. მარტო ესეც შეუშლიდა ხელს თვალთმაქცობის ნებისმიერ დოზას. გარდა ამისა, ახლა უკვე იცით, როგორ ამყოფოთ მუდმივად იმ ზღაპრის წიგნის გვერდებში.
უბრალოდ ნუ იქნებით ერთფეროვანი, უხალისო, უარყოფითი ან ზედმეტად მორცხვი. მის შესაკავებლად გრეის კელის, ურსულა ანდრესის, მარი დრესიეს, მადამ კიურისა და დედოფალი ვიქტორიას ნაზავი უნდა იყოთ, ცოტა კლერ ბუთ ლიუსის დამატებით. ვერცერთი პრინცესა ვერ დააკმაყოფილებს მის მიერ შექმნილ იდეალის სახეს. საკმაო მოხერხებას მოითხოვს, დაარწმუნოთ, რომ ყველა სხვა ქალზე აღმატებული ხართ, მაგრამ უნაკლოდ ერთგულს დატოვებს, თუ მოახერხებთ. ნამდვილად ღირს ცდად, რადგანაც, თუ ვერძი რომანში ეშვება, სწრაფია, მისი ტემპი უგუნურად სწრაფიც კია. ორივეა, იდეალისტიცა და ეგოცენტრულიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ იტანს აღიაროს, რომ ცდება ან იმას, რომ სიყვარული, რომელიც აირჩია, შეიძლება მოკვდეს. მაინც, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შეუძლია აუტანლად ჩათვალოს ისეთი სიტუაციები, რომელსაც სხვები მოსალოდნელად ჩათვლიდნენ. დაშორების შემდგომ, თუ შესაფერის ხასიათზე წააწყდებით, ისევ შეგეძლებათ ხელახლა შეუნთოთ ცეცხლი მის სიყვარულს, თუ ისე მოიქცევით, თითქოს მანამდე არანაირი პიროვნული სიახლოვე არ ყოფილა. ბევრი უნდა იმუშაოთ, რომ მიიღოთ, რადგანაც მას უყვარს გამოწვევა. პატიება რომ გაგიადვილდეთ, თუ ოდესმე დაბრკოლება წარმოიქმნება, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გზიდან გადახვევა იმ უცაბედი იმპულსის ბრალია, რომელიც მთვარის შუქზე მისი ბულბულის გალობის შეწყვეტას მოჰყვა და არა ჩვეულებრივი მრავალფეროვნების განზრახ ძიებისა. მეუღლის ღალატი უსიამოვნოა მისი პატიოსანი ბუნებისათვის. ნუ დაფრთხებით მომავლის გამო. გაქვთ მისი გულის ჯადოსნური გასაღები. ჩაკეტეთ.
თუ თავში რამე აზრი გაქვთ, რომ მას თამაშს მოუწყობთ სხვასთან ფლირტით – დაივიწყეთ. თქვენი პირველი გაუფრთხილებლობა სავარაუდოდ უკანასკნელიც იქნება. იგი შესაძლოა უბრალოდ სხვა კაცთან ჩურჩულით ან ინტიმური მზერითაც დაკარგოთ, თავი რომ დავანებოთ პირდაპირ ღალატს.
დაჟინებულია ყველფაერში პირველი იყოს და შეგიძლიათ თქვენს ძველ ლანგარს ჩამოხვიდეთ, რომ ეს თქვენს გულში პირველობასაც მოიცავს. ვერძი უკიდურესად მესაკუთრე და ეჭვიანია. თავისი საყვარელი ადამიანის შესაძლებელ შეცდომაზე გაფიქრებისას მხოლოდ ლომ კაცს თუ შეუძლია უფრო მეტად გაცოფდეს. უფრო უარესიც, ვაცი არასდროს გენდობათ იმ ბრმა რწმენით, რომელსაც თვითონ ელის თქვენგან ასეთ საკითხებში. უბრალოდ უნდა გაიგოთ, რომ ეს ცოცხალი საუბრები სხვა ქალებთან უმანკოა, რადგანაც იგი მოითხოვს საზოგადოებრივი კონტაქტის იმ მთელ თავისუფლებას, რასაც თქვენ გიკრძალავთ. თქვენი მარსიანელი სიყვარული კვარცხლბეკზე მიგაჯაჭვავთ და მოელის, რომ იქ დარჩებით. ერთი თითითაც არ გადმოსცდეთ. არც კი შეგეტყოთ, რომ ეს გინდათ.
ვერძი კაცი ბუნებრივი მეამბოხეა. მას უყვარს ზემდგომების უგულვებელყოფა და ფიქრობს, რომ ნებისმიერ სხვაზე უფრო ჭკვიანად დაიბადა. იქნებ დაიბადა კიდეც, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას არ უყვარს ასე რომ ეუბნებიან. იმ წინდაუხედობის წყალობით, რომელსაც თავისი აღმატებულობის დამტკიცებისას იჩენს, იოლად ეცემა სახით მრავალჯერ. თავის წინამძღოლობის მოთხოვნილებისა და გაყოლაზე უარის თქმის გამო, უფრო მეტად ძლიერ და მაღალ თანამდებობებზე მყოფნი, ხშირად ჩაუტარებენ გაკვეთილს თავმდაბლობაში. ასეთ წუთებში, თქვენ კარგა მანძილზე წინ ხართ, რადგანაც თქვენთან მოირბენს თანაგრძნობისა და თვითრწმენისათვის, როცა მისი ეგო დაშავებულია. მაშინ მიხვდებით, რომ თავდაჯერებული, აგრესიული სახის მიღმა არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება, რომლის ქონის აღიარებასაც სიკვდილი ურჩევნია. ქალს, რომელიც მის შერყეულ თავდაჯერებულობას ნაზი და სრული თავდადებით უდგება, საუკეთესო შანსი აქვს სამუდამოდ შეინარჩუნოს მისი გული. არასდროს დაუშვათ შეცდომა მის იმდროინდელ მტერთან დათანხმებით, ან მცდელობით სამართლიანი იყოთ და კამათის მეორე მხარე დაინახოთ. უნდა გიყვარდეთ, რაც მას უყვარს და უნდა გძულდეთ, რაც მას სძულს. იგი იმავე მკაცრ და უდავო ერთგულებას ითხოვს, რომელსაც თვითონ გასცემს, სიყვარულშიც და მეგობრობაშიც. ეს მისი კანონია. თუ ამას პატივს არ სცემთ, სხვა კაცი იპოვეთ.
ვერძულ ბუნებას ცბიერი ხრიკები არ ახასიათებს. საერთოდ არაა რთული მიხვდე, რომ მარსიანელმა კაცებმა ურთიერთობა მოამთავრეს. ყინული და თავმობეზრებულობა ხმასა და ქცევაში უშეცდომოა და ჩვეულებრივ, თან მოჰყვება გულწრფელი განცხადებაც, რომელიც ყველაფერს კრისტალივით ნათელს ხდის. მეორე მხრივ, მწველი ბრაზის ფეთქებადი ცეცხლი ნაკლებად სერიოზულია, იმის აღმნიშვნელი, რომ მისი უსიამოვნება შესაძლოა უბრალოდ წარმავალი ხასიათისაა და ურთიერთობის გადარჩენა შეიძლება. მეტი მიზეზი გაქვთ მისი ყინულის უფრო გეშინოდეთ, ვიდრე ცეცხლის.
ვერძ კაცებს არ მოსწონთ თამაშები. პირდაპირი იქნება თავის ყველა სვლაში. ეს ეხება სიყვარულსაც, ისევე როგორც ბიზნესს. წამსაც არ დახარჯავს, რაც მიხვდება, რომ შეუყვარდა, მაგრამ აუცილებლად აცადეთ თვითონ იყოს ის, ვინც ამას მიხვდება. არ სდიოთ უკან, არ დაურეკოთ ხშირად, ნუ გაგინათდებათ თვალები ან გრძნობებში ნუ გამოუტყდებით, თუ სრულიად დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს ორმხრივია. უსწრაფესი გზა მის დასაკარგად პირველი ინიციატივის გამოჩენაა. იგი ლიდერი უნდა იყოს აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვაგან. თუ არ აცდით რომ იყოს, შესაძლოა ისე სწრაფად დაკარგოს ინტერესი, რომ განცვიფრდეთ და გულიც გეტკინოთ, ამავე დროს. თუმცა, როგორც კი ორივე მტკიცედ შეყვარებულები აღმოჩნდებით, ზედმეტად ცივი და ჩვეულებრივი ნუ იქნებით, თორემ ყურადღებას სადმე სხვაგან მოძებნის. სიყვარული ვერძ კაცთან, ვიწრო ბაგირზე სიარულს ჰგავს თბილ ინტერესსა და გულგრილ გაუცხოვებას შორის. პრაქტიკულად აკრობატი უნდა იყოთ. არ გაეკიდოთ. არც გაექცეთ. ფეხსაცმელში ხურდა ჩაიგდეთ, ხელში სამყურა დაიჭირეთ და ვარსკვლავებს ჩაუთქვით. ეს ისევე შორს წაგიყვანთ, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი, მეთოდური სტრატეგია. შესაძლოა უფრო შორსაც. საგონებელში უნდა ჩააგდოთ, მას შემდეგაც კი, რაც უკვე მისი ხართ. ამავდროულად, უნდა დაარწმუნოთ, რომ ყოველთვის გიყვართ. ისწავლეთ ამით ცხოვრება – ან ისწავლეთ ვერძის გარეშე ცხოვრება.
დადებით მხარეს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ვერძი შეყვარებული ურთიერთობაში პირველობას დაიჟინებს, ასევე პირველი მოიბოდიშებს ჩხუბის შემდეგ და პირველი გაჩნდება თქვენს გვერდზე, როცა ამის საჭიროება იქნება. თქვენს გვერდზე იქნება, როცა ცუდად ან უბედური ხართ. თავისუფლად და ხალისიანად დაგახარჯავთ ფულს (თუ მარსის ტიპური ძეა). შეაქებს თქვენს გარეგნობას, დააფასებს თქვენს ნიჭს და მენტალურად გამამხნევებელი თანმხლები იქნება. თუმცა შესაძლოა მბრძანებლური იყოს და უმნიშვნელო რამეზეც გამოდიოდეს მწყობრიდან, იშვიათად დაუშვებს მზე ისე ჩავიდეს, სანამ გაბრაზებას არ გამოისყიდის. შესაძლოა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყოთ, მაგრამ თქვენგან მოელის რომ ეს ისედაც გეცოდინებათ და სიყვარულსა და ყურადღებას დაელოდებით, როცა მთლიანად აღტყინებულია ახალი იდეით, რომელიც მთელ მის ინტერესს იპყრობს. უნდა, რომ თქვენთვის თვითონ იყოს მთელი სამყარო, მაგრამ განსხვავებით სხვა კაცთაგან, ის ნებას მოგცემთ მისი სამყარო გაინაწილოთ, თუ მისი თანასწორი ხართ.
ვერძი კაცი მოელის, რომ მისი ქალბატონი ზუსტად ერთნაირად უკიდურესად ქალური და ქალაბიჭაც იქნება ამავდროულად. უნდა, რომ სრულიად დამოუკიდებელი იყოთ, მაგრამ საკუთარი ნებით გსურდეთ რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩებოდეთ მას. მოელის შექებას თქვენგან, მაგრამ არასდროს ითამაშოთ მორცხვი მონუკას როლი. კიდევ აქ ხართ? კარგია. მამაცი გოგო. წინ კიდევ ბევრი რამაა მოსალოდნელი. შეუძლია მწარედ სასტიკი და სარკასტული რამეები გითხრათ, როცა მისი ეგო დაჭრილია, ისეთი რამეები რასაც საერთოდ არ გულისხმობს, მაგრამ რამაც შესაძლოა გული გატკინოთ, თუ მისი არ გესმით. შემდეგ მოელის, რომ მასსავით სწრაფად დაივიწყებთ და აპატიებთ. მისი ყველა მეგობარი უნდა მოგწონდეთ, როცა თვითონ იტოვებს უფლებას თქვენები მობეზრდეს. კაცი გინდოდათ, ხომ ასეა? ნამდვილად იპოვეთ ის თქვენს ვერძ მეწყვილეში. თუ ნამდვილი ქალი ხართ, თქვენი სიყვარული ქალაქში ყველასთვის შესაშური იქნება, როგორც რომეოსა და ჯულიეტასი (ტრაგედიის გარეშე, რა თქმა უნდა).
როგორც კი ცოლად გაჰყვებით, ვერძი კაცი ან ოჯახში გაბატონდება ან დატოვებს მას. არ აიტანს, საზოგადოებაში ან პირადად, ეჩხუბებოდნენ სად ხარჯავს თავის ფულს. მან გამოიმუშავა, ხომ ასეა? მ ი ს ი ფულია, ხომ ასეა? (ზოგჯერ ეს ქონებითი ნაცვალსახელი შესაძლოა გაიჭიმოს და თქვენს ნაშოვნ ფულსაც გადასწვდეს.) შესაძლოა ბიუჯეტს ძალიან კარგად ვერ ანაწილებდეს – და მე ეხლა კეთილად ვიქცევი, ასე ტაქტიანად რომ ვამბობ ამას – მაგრამ საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, მათემატიკაში სუფთა ათიანები რომც გყოლოდათ მაინც. არასდროს დაეჭვდეთ მის ფინანსურ საქმიანობებში. არსებითია ის აკონტროლებდეს საფულესთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის. გულუხვი იქნება თავის ფულთან მიმართებით, თუ ტიპური ვერძია და მოგცემთ ყველაფერს რაც გჭირდებათ. შეგიძლიათ თქვენც იყიდოთ ის კობრის ტყავის ხელჩანთა, მას მერე რაც მან ალიგატორის ტყავის კეისი შეიძინა, თუ კიდევ დარჩა რაიმე თანხა. (შესაძლოა ცოტა ეგოისტი იყოს, მაგრამ ძუნწი არასდროსაა.)
მიუხედავად იმისა, რომ ვაცმა შესაძლოა ხშირად იცვალოს სამსახურები სანამ საკუთარი თავის უფროსი თვითონ არ გახდება, არ დაუშვებს, რომ დაიმშეთ. იპოვის ფულის შემოსავლის გზებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის ისევე სწრაფად გაედინებოდეს. უკეთესია ცოტას თუ ლურჯ ფაიფურის გოჭ-ყულაბაში გადაინახავთ და გააოცებთ ხოლმე, როდესაც ყევლაზე მეტად დასჭირდება, რადგანაც ნაკლებად მოსალოდნელია საკუთარი შემოსავალი თვითონ დიდად შეაგროვოს (თუ ფარული იარაღი არ გააჩნია, როგორიცაა მთვარე თხის რქასა ან კირჩხიბში, ან ასცენდენტი, რომელიც ეკონომიურობას უკარნახებს).
ყოველი ახალი პატარა თქვენი ოცნებების თავდადებული, ამაყი მამის ქცევებისაკენ უბიძგებს. შემდგომში, შესაძლოა ცოტა უფროსობის მოყვარული იყოს ბავშვებთან და ეცადოს კარიერული არჩევნის კარნახს მათთვის. თბილი და შესანიშნავი მამიკო იქნება, მაგრამ შესაძლოა შეხსენება დასჭირდეს, რომ ახალგახრდებსაც იმდენად სჭირდებათ დამოუკიდებლობა, როგორც თვითონ. მამობა ნამდვილად ის როლია, რომელიც მოეწონება. ბეისბოლი, ჩიტებსა და ფუტკრებზე ლაპარაკი, ფეხბურთი, მამა-ქალიშვილის სადილები, მთლიანი სამუშაო. თუმცაღა, უბრალოდ, ნუ აფიქრებინებთ, რომ პატარა ჰერმანი ან ჰენრიეტა თქვენთვის მასზე უფრო მნიშვნელოვანია, თორემ მისი მოწონება როლის მიმართ, შესაძლოა შესამჩნევად გაგრილდეს.
არ შეყოყმანდეთ და გააგრძელეთ კარიერა ქორწინების შემდგომ, თუ გსურთ. სავარაუდოდ არ ეწყინება, სანამ მას არ გადაჩრდილავთ. მისთვის უფრო იოლია სახელდახელო ვახშმები ან გაყინული, სწრაფი მომზადების საკვები გაპატიოთ, ვიდრე მისი იდეებისადმი რწმენის ნაკლებობა. ეს მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ.
წაახალისეთ მისი დამოუკიდებლობა, მაგრამ მოთოკეთ იმპულსურობა – ტაქტიანად. იგი უნდა ხელმძღვანელობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლე ცოტად თუ უღირს. მისი შესანიშნავი და თუხთუხა ენთუზიაზმი მოკვდება თუ დეპრესიულობით ჩააქრობთ ან მის დადებით ენერგიასთან უარყოფითი აზროვნებით მოკლე ჩართვას მოახდენთ. იმ წუთიდან, როდესაც სამსახურში ან ოჯახში ძალაუფლებას დაკარგავს, მისი მაცოცხლებელი ოპტიმიზმი უჟმურ უკმაყოფილებად გადაიქცევა და საბოლოოდ, სრულ გულგრილობად. დანებება მის ბუნებაში არაა. იგი კაცთა შორის კაცია. არასდროს ხელყოთ მისი მამაკაცურობა, მაგრამ არც არასდროს დაკარგოთ საკუთარი ინდივიდუალურობა. არ ეცადოთ მის დაჩაგვრას და არ მისცეთ თავის დაჩაგვრის უფლება. ვერძი ქმარი არ აიტანს ცოლს, რომელიც ყოველ ღამე კლუბებში დარბის შეხვედრებზე. არც ისეთს, რომელიც სახლში ზის და ყაისნაღით საწოლისა და მაგიდის გადასაფარებლებს ქსოვს მთელი დღე. სადღაც შუაში უნდა დაუმიზნოთ. თუ წარმატებას მიაღწევთ, უბრალოდ დაფიქრდით – ერთ დღესაც ერთადერთი ჭაღარა ჯულიეტა იქნებით თქვენს გარემოცვაში, ქმრით, რომელიც თქვენს ოქროს ქორწილშიც ისევ სენტიმენტალურია. საკმაო გამოწვევაა თუ რომანტიკოსი ხართ და რა თქმა უნდა ხართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ რიგში ვერძ კაცთან არ გექნებოდათ კავშირი.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…