ვედური ასტროლოგიის საიდუმლოებები კვირის თითოეული დღისთვის
პლანეტების დახასიათებით და მათ გავლენის გაცნობით, ვედური ასტროლოგია წარმატების საიდუმლოებებსაც გვიზიარებს. წარმატების მისაღწევად იგი კვირის თითოეული კონკრეტული დღის შესაბამის გასაღებს გვთავაზობს. არსებული ცოდნა საშუალებას გვაძლევს, ფაქტობრივად დავგეგმოთ საკუთარი წარმატება, ხოლო იმ ძალებთან ჰარმონიული ურთიერთობით, რომლებიც ჩვენზე დიდ გავლენას ახდენენ, დღითიდღე მივიზიდოთ იღბალი!
ვედური ასტროლოგიის თანახმად, სამყაროს შემოქმედმა ვარსკვლავები და პლანეტები კოსმიური ენერგიის გადანაწილებისა და ყველანაირი მოვლენის მართვის მიზნით შექმნა. პლანეტები გვავსებენ განსაზღვრული ტიპის ენერგიით და ზემოქმედებენ ქვეყნებზე, ქალაქებსა და ცალკეულ ადამიანებზე. პლანეტების გავლენის გათვალისწინებით და კვირის ყოველ, კონკრეტულ დღეს მათი სწორი გამოყენებით, შესაძლებლობა გვეძლევა, ჰარმონიაში მოვიდეთ კოსმიურ რიტმებთან. სწორედ ამაში მდგომარეობს ასტროლოგიის საიდუმლო წარმატების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
ასტროლოგიური კვირა იწყება არა ორშაბათიდან, როგორც ეს ჩვეულებრივ მიჩნეულია, არამედ კვირა დღიდან. ამ დღეს იწყება კვირის ციკლი, ენერგია მთელი კვირისთვის აკუმულირდება და ისახება გრანდიოზული გეგმები უახლოესი მომავლისთვის. კვირა მთავრდება შაბათი დღით – ჯამდება შედეგები და კეთდება შეცდომების ანალიზი.
კვირის ყოველი დღე იმართება განსაზღვრული პლანეტით, შესაბამისად, მათი გავლენის გამოყენებით, შესაძლებლობა გვეძლევა, წარმატების ალბათობა მრავალჯერადად გავზარდოთ.
წარმატების შვიდი საიდუმლო კვირის ცალკეული დღისათვის ვედური ასტროლოგიის მიხედვით:
კვირა
კვირა – დღის მმართველია მზე. იგი გვიგზავნის სიხარულის, სიყვარულის, შემოქმედებისა და ბედნიერების ენერგიას. ესადაგება სულიერ განვითარებასა და უმაღლესი ფასეულობების გაცნობიერებას. წადით ეკლესიაში, ეწვიეთ მუზეუმს ან სამხატვრო გალერეას, გადით ბუნებაში – ამით მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი მზის ენერგია. სწორედ ამაში მდგომარეობს კვირა დღის წარმატების საიდუმლო. ამ დღეს მოსალოდნელია გაგიჩნდეთ ბრწყინვალე იდეა, ორიგინალურად გადაწყვიტოთ ძველი პრობლემები, ამიტომ თამამად მიიღეთ ყოველგვარი სიახლე. აჩუქეთ ადამიანებს სითბო, წარმოთქვით დადებითი სიტყვები, დაპირდით მათ ოქროს მთებს – მზის ენერგია, რომელიც თქვენი საშუალებით ადამიანებს გადაეცემათ, თქვენც მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ, რაც საგრძნობი უკვე მომდევნო კვირის მანძილზე გახდება.
ორშაბათი
ორშაბათი არც თუ უსაფუძვლოდ ითვლება კვირის ყველაზე რთულ დღედ. სირთულეებს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დღის მფარველის – მთვარის ენერგია არასწორედ იქნება გამოყენებული. მთვარე გვიბიძგებს მოდუნების, სიმშვიდის, კაპრიზულობისა და არაპროგნოზირებულობისაკენ. ორშაბათს კარგია ყოფითი პრობლემების მოგვარება, საყიდლებზე წასვლა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.
არ ღირს კრიტიკა, ეშმაკობა და რაიმეს მოთხოვნა. ამ დღეს ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარეები ხდებიან. თუ გსურთ, თავი მოაწონოთ ან რაიმეს მიაღწიოთ ხელმძღვანელ პირებთან, კარგი იქნება გულითადი საუბარი, თუ საჭიროა, ცრემლებიც კი, რაც ორშაბათ დღეს ყველაზე დიდ ცინიკოსსაც კი გულს მოულბობს. ორშაბათის წარმატების საიდუმლო მთვარის ენერგიის ტრანსლაციაშია. გამოიჩინეთ მზრუნველობა, ყურადღება და თანაგრძნობა ადამიანების მიმართ, გამოიწვიეთ საპასუხო თანაგრძნობა თქვენ მიმართაც და წარმატების მიღწევა სწორედ ორშაბათს გახდება შესაძლებელი.
სამშაბათი
სამშაბათი მარსის გავლენის ქვეშ იმყოფება, რაც გაუაზრებელი ქმედებების, მძაფრი შეგრძნებების ძიების, თავგადასავლების, მკვეთრი გამონათქვამებისა და აგრესიისკენ გვიბიძგებს. ამ დღეს წარმატების მისაღწევად საჭიროა სპონტანური, იმპულსური ქმედებები, იდეების მყისიერი, მომენტალური განხორციელება. მარსი ხომ სისწრაფის, ინსტინქტებისა და სურვილების პლანეტაა. კარგი იქნება, თუ კვირის ამ დღეს გამოიჩენთ გამბედაობასა და სიმტკიცეს, მაშინაც კი, თუ ეს თვისებები თქვენთვის უცხოა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ გარშემომყოფებთან აღნიშნული თვისებების დემონსტრირება მოახდინოთ, ისინი კი ამას ჯეროვნად დააფასებენ.
როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალებმა უმჯობესია, გამოიყენონ რაციონალური მამაკაცური მიდგომა და უარი თქვან ემოციებზე – სწორედ ამაშია სამშაბათი დღის წარმატების საიდუმლო. თუმცა, ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერება აგრესიაში არ გადაიზარდოს. ეცადეთ, ყველანაირი კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროთ.
ოთხშაბათი
ოთხშაბათს მართავს მერკური – სავსე მსუბუქი ენერგიით, სწრაფი, მხიარული და მახვილგონიერი. ამ დღეს იოლდება საუბარი, სწავლა, წერა და ვაჭრობა. წარმატება მოაქვს ბიზნესთან, ფინანსებთან და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმიანობას. წარმატებულია საქმიანი მოლაპარაკებები, აზარტული თამაშები. პრობლემები იოლად გვარდება. ამ დღეს მიზანშეწონილია, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება – ეს გახლავთ ოთხშაბათი დღის წარმატების საიდუმლო. დასაშვებია, იეშმაკოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თქვენც მოგატყუონ. არ ღირს კომპლექსებისა და პრობლემების დემონსტრირება. ოთხშაბათ დღეს ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია და შესაძლებელია, თქვენ შესახებ არასასურველი შთაბეჭდილებაც დატოვოს.
ხუთშაბათი
ასტროლოგთა აზრით, იუპიტერის მფარველობის წყალობით, ხუთშაბათი კვირის ყველაზე იღბლიანი დღეა. ეს გახლავთ სოციუმის, კოლექტიური თანამშრომლობის დღე. ამ დღეს ადვილად მიიღწევა წარმატება სამსახურებრივ საქმიანობაში, მოლაპარაკებებსა თუ გარიგებებში. შეგიძლიათ, თხოვნით მიმართოთ ხელმძღვანელ პირებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თხოვნა კოლექტივის ინტერესებთან თანხვედრაშია. მეტად მნიშვნელოვანია, გამოხატოთ თქვენი აზრი საერთო კეთილდღეობასთან დაკავშირებით, მოახდინოთ პროფესიონალიზმის, საქმიანი უნარებისა და კომპეტენტურობის დემონსტრირება – ეს გახლავთ ხუთშაბათი დღის წარმატების საიდუმლო. დაიმახსოვრეთ, ხუთშაბათს დაწყებულ პრობლემებს ზრდის ტენდენცია ახასიათებთ, ამდენად ეცადეთ, თავი აარიდოთ კონფლიქტებს, ძირშივე აღმოფხვრათ შესაძლო უსიამოვნებები და მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე. იუპიტერის კეთილგანწყობა კვირის ამ დღეს აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.
პარასკევი
პარასკევი შესანიშნავი დღეა დასვენებისა და გართობისთვის, გრძნობების გამოსახატად და ქველმოქმედებისთვის. პარასკევის მფარველი ვენერა აღვიძებს მშვენიერებისკენ სწრაფვას, ჰარმონიისა და ურთიერთგაგების ძიებას. მეტი ყურადღება დაუთმეთ ქალებს, ისინი ამ დღეს განსაკუთრებით მიმნდობნი არიან და თუ ისინი თქვენი მხრიდან მზრუნველობას იგრძნობენ, ღირსეულადაც დაგაფასებენ. წარმატების საიდუმლო პარასკევ დღეს: გაალამაზეთ სამყარო თქვენ ირგვლივ – იქნება ეს შემოქმედება, კეთილი სიტყვები, დელიკატური თუ თავაზიანი ქცევა. იმღერეთ, დახატეთ, იცეკვეთ, აჩუქეთ საყვარელ ადამიანებს ყვავილები, ლამაზად გამოხატეთ თქვენი აზრები და ვენერაც უეჭველად დაგეხმარებათ და კვირის ამ დღეს წარმატებით დაგაჯილდოებთ.
შაბათი
შაბათი – აი, კვირის ყველაზე რთული დღე! ეს კი სატურნის – შაბათი დღის მმართველის მკაცრი და შემზღუდველი ენერგის ბრალია. სატურნი ასოცირდება ვალდებულებებთან, ბედისწერასთან და კარმასთან. იგი ძალიან კრიტიკული და კონსერვატულია.
შაბათს, შესაბამისად, სასურველია, შეიზღუდოს სურვილები და მოთხოვნები. ნაკლები ისაუბრეთ საკუთარ განცდებსა და პრობლემებზე. ეს არ არის საუკეთესო დღე ბიზნესისთვის, რაც წინააღმდეგობებისა და დანაკარგების ზრდის ალბათობას გულისხმობს. გამონაკლისს წარმოადგენს მიწის ნაკვეთისა და უძრავი ქონების შეძენა. ეს სფერო სატურნის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
იმისათვის, რომ მომდევნო კვირის ციკლისთვის კარგად მოემზადოთ, აუცილებელია გასული კვირის მოვლენების საფუძვლიანი განხილვა, ბუნებაში ყოფნა, მედიტაცია, გონების გაწმენდა და პრობლემების ტვირთისგან გათავისუფლება – სწორედ ამაში გახლავთ შაბათი დღის წარმატების საიდუმლო. სატურნი მიესალმება სიბრძნის შეძენას, ამიტომ უფროს ადამიანებთან ურთიერთობა უზარმაზარ სარგებელს მოგიტანთ. ნუ დაძაბავთ გარშემომყოფთ, ადამიანები ამ დღეს ისედაც მიდრეკილნი არიან დათრგუნული განწყობისკენ.
აკონტროლეთ სიტყვები, ვინაიდან სატურნი გაიძულებთ პასუხი აგოთ თქვენს სიტყვებზე. კვირის ამ დღეს არ ღირს ტყუილის თქმა, ჯობს ყველასთან თქვენი პატიოსნების დემონსტრირება მოახდინოთ – ეს გარშემომყოფთა თვალში თქვენ ავტორიტეტს მნიშვნელოვნად გაზრდის.
შაბათს კარგია რაიმეს შეძენა – სატურნი არ მოგცემთ საშუალებას ზედმეტად დაიხარჯოთ. არ ღირს სერიოზული ღონისძიებების დაგეგმვა – იქნება ეს მნიშვნელოვანი მოგზაურობა თუ ქორწილი, ეს კოსმიურ რიტმებთან დისბალანსში მოვა. თუ ვინმეს აწყენინეთ, სთხოვეთ პატიება, ანუგეშეთ ვინმე, თქვით ან გააკეთეთ რაიმე სასიკეთო – სატურნი თავის კეთილგანწყობას გამოავლენს და მოგცემთ საშუალებას, კვირის ამ დღეს წარმატებას მიაღწიოთ.
ნუ მიეცემით სასოწარკვეთას, რა სირთულისაც არ უნდა მოგეჩვენოთ არსებული ცხოვრებისეული სიტუაცია. ის, ვინც ფარ–ხმალს ყრის, კარგავს პლანეტების კურთხევას. კოსმოსის ენერგიის გონივრული გამოყენებით, სამყაროს კანონების შეცნობისკენ სწრაფვის მუდმივი სრულყოფით, კოსმიურ რიტმებთან ჰარმონიაში მოვდივართ – სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური წარმატების საიდუმლო.
მოამზადა ირინა გეგეჭკორმა