ერთად მეტი შეგვიძლია!
ძვირფასო მკითხველო, უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა თქვენთვის გამოსაქვეყნებლად, პირად მეილზე გამოგვიგზავნა. თემა ისევ რთულია, ასტროლოგია.ჯის სიახლეებში მომრავლდა სოციალური პრობლემების შინაარსის პოსტები, თუმცა, შემთხვევითი არაფერია… რახან ხდება ისე, რომ ეს ტექსტები ჩვენი ჟურნალის მიერ ვრცელდება, ესე იგი არსებობენ ადამიანები თქვენ შორის, ვის თვალამდე და ყურამდეც უნდა მივიდეს კონკრეტული
ამბები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ, თითქმის ყოველ მეორე ქუჩაზე ხდება…
მიუსაფარი ბავშვები, ავადმყოფი პატარები, მოხუცი ბებია-ბაბუები, უსახლკარო ადამიანები, დაუცველი ქუჩის ცხოველები … მართალია, პირველ რიგში, სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ უნდა იყვნენ და წესით,
საზოგადოების რიგითი წევრები”არ უნდა წუხდებოდნენ” ასეთი თემებით… მაგრამ რეალობიდან გაქცევას სირაქლების პოზაში დგომით, დაგვეთანხმებით, აზრი არ აქვს მაშინ, როდესაც თუნდაც ერთი ლარით, თუნდაც ერთი ქუდით, ერთი ქილა მურაბით ან თითო კაფსულა წამლით შეგვიძლია დახმარება…
სტუდენტები სიცოცხლისთვის საქველმოქმედო ფონდი „სტუდენტები სიცოცხლისთვის“
ყველაფერი თსუ-ს ერთ პატარა აუდიტორიაში, ერთი ლექტორით და რამდენიმე სტუდენტით დაიწყო. მაშინ 10 წლის გიორგი ჯიშკარიანს სჭირდებოდა ჩვენი დახმარება. სტუდენტებმა გადავწყვიტეთ ყუთებით გვევლო და ასე შეგვეგროვებინა მისთვის საჭირო თანხა. გიორგის არავინ ვიცნობდით, მაგრამ მზად ვიყავით გვემათხოვრა… გვემათხოვრა სიცოცხლისთვის…
ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმარებოდა. ზოგი 5-10 თეთრს გვიყრიდა ყუთში და ბოდიშს გვიხდიდა, რომ მეტი არ ჰქონდა , ზოგს ნამდვილად ეტყობოდა რომ ბოლო ლარიანი გაიღო, ერთს 5 ლარიანი ჰქონდა მარტო, უცებ გაიქცა დაახურდავა , გზის ფული დაიტოვა და დანარჩენი ჩვენ ჩაგვიყარა. ზოგი მეორე დღეს თავად დაიდიოდა ყუთით ხელში და სიცოცხლისთვის მათხოვრობდა. ასეთი ადამიანების წყალობით, მაშინ დაახლოებით 6000 ლარი შევაგროვეთ, თუმცა ეს თანხა მკურნალობისთვის საკმარისი არ იყო… ყველანი გამუდმებით იმაზე ვფიქრობით, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო თანხის ბოლომდე შასაგროვებლად. ყუთებით სიარულს უკვე ვეღარ ვახერხებდით… სწორედ ამ პერიოდში გამიჩნდა ფონდის შექმნის იდეა. მხოლოდ თსუ-ში 20 000-ზე მეტი სტუდენტი ვართ. თითოეულმა ჩვენგანმა, პირობითად თვეში მხოლოდ 1 ლარი რომ გაიღოს, უამრავი ადამიანის დახმარებას შევძლებთ. მხოლოდ ასე, ერთიანი ძალებით თუ მოვახერხებთ საჭირო თანხის მოკლე დროში შეგროვებას და ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადარჩენას!
ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ვითარებაა, ხალხს უკვე აღარ უნდა სულ ცუდი ესმოდეს და ხშირად ვცდილობთ, თვალი ავარიდოთ ფეისბუკითა თუ ტელევიიზით გავრცელებულ სურათებს, რომლიდანაც სევდიანი თვალებით გვიყურებენ დაავადებული ადამიანები. ბევრი მათგანი დღეს მხოლოდ საზოგადოების იმედზეა დარჩენილი… თვალის არიდება გამოსავალი არ არის, რადგან თითოეული ჩვენგანის მიერ გაღებულ 10 თეთრსაც კი უდიდესი მნიშვნებლობა აქვს. სწორედ ასე, ძირითადად ხურდებით მოვაგროვეთ მაშინ გიორგის დასახმარებელი თანხის ნაწილი.
იმის გამო, რომ საზოგადოების და განსაკუთრებით კი ჩვენი თანატოლების, სტუდენტების გულისხმიერების დიდი იმედი გვაქვს, ცოტა ხნის წინ მეგობრებმა საქველმოქმედო ყუთების დასამზადებლად საჭირო თანხა შევკრიბეთ და ყუთები თსუ-ს რამდენიმე კორპუსში დავდგით. გვჯერა, რომ სტუდენტები გულგრილად არ ჩაუვლიან ამ ყუთებს და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარებიან დაავადებულ პატარებსა და ახალგაზრდებს. საქმე ნელ-ნელა მიიწევს წინ. სტუდენტების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის ამ ფონდის არსებობის შესახებ, ამიტომ ინფორმაციის გავრცლელება ახლა საქმის წარმატების ტოლფასია…
მერწმუნეთ, არაფერი შეედრება იმ ბედნიერებას, როდესაც იცი, რომ შენც შეიტანე თუნდაც მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წვლილი ადამიანის გადარჩენაში. ხშირად, ყველაზე მძიმე ამბებშიც კი არის ბედნიერების მარგალიტები…მშობლის იმედიანი მზერა, მოხუცის მიერ გაღებული ოცთეთრიანი, ერთხელ თვითონ სამოწყალოდ გამოსულმა ადამიანმაც კი ჩაგვიგდო ყუთში ფული… ყველაზე დიდი ბედნიერება კი გადარჩენილი სიცოცხლეა… სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან თუნდაც 10 თეთრის გაღებით შეიძლება გადარჩეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „ჩვენ“ ძალიან ბევრნი ვიქნებით.
რა არის ქველმოქმედება?- ჩემი აზრით, ეს არის პატივმოყვარეობაზე გამარჯვება, სიამაყით მათხოვრობა, ვიღაცის კარებთან დაძლეული ძაღლის შიში, ქარსა და წვიმაში სუპერმარკეტის კარებთან დგომა, იმიტომ რომ შიგნით არ შეგიშვეს, გამბედაობა, სრულიად უცნობი ადამიანის დახმარებაზე ფიქრით გატეხილი ძილი, ერთიანობა და რაც მთავარია გადამდები ბედნიერება. პირველ დღეს 15-20 ვიყავით, ახლა გაცილებით მეტნი ვართ და მჯერა, სულ მალე კიდევ უფრო მეტნი გავხდებით!
ფონდის შესახებ ყველა ინფორმაცია დევს ფესბუკის ჩვენს გვერდზე.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ, ვის ვეხმარებით, რა ღონისძიებები იგეგმება და ყუთების გახსნის შემდეგ შეგროვებული თანხის ზუსტ რაოდენობასაც ჩვენი გვერდიდან შეიტყობთ (ავტვირთავთ გადარიცხვის ქვითარსაც). ყველანაირად ვცდილობთ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი…
ერთი სიტყვით, ჩვენ არც ისე ცოტა ვართ, მაგრამ არც ისე ბევრი, რამდენიც უნდა ვიყოთ… უამრავ პატარას სჭირდება ჩვენი დახმარება… ამიტომ მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ : „გავმრავლდებით უსასრულოდ, უსაშველოდ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით“ და აუცილებლად გადავრჩენთ პატარა ანგელოზების სიცოცხლეს!.. შემოგვიერთდით, ერთად მეტი შეგვიძლია!!!