დესცედენტი კირჩხიბში
თქვენ ცოტა მშრალი და ფორმალური ტიპაჟი შესაძლოა ბრძანდებოდეთ, ამიტომ ფიქრობთ რომ ოჯახური სიმყუდროვის, თბილი ატმოსფეროს და ემოციური კავშირის შექმნის ფუნქცია პარტნიორს უნდა ჰქონდეს. ის უნდა იყოს მზრუნველი, მგრძნობიარე, ემოციური ადამიანი, რომელიც იზრუნებს ოჯახზე, ტრადიციებზე, წინაპრებზე, პატივს სცემს მოხუცებს, ეყვარება ბავშვები, გამოხატავს ღრმა გრძნობებს, შესაძლოა ბუტიაც და ცვალებადი განწყობილებისაც იყოს. მოკლედ, ცოტა დედაშვილური ურთიერთობა გექნებათ. გაცნობაც ოჯახურ ატმოსფეროში ხდება ხოლმე, ან ოჯახის, მშობლების, ნათესავების ჩარევით. თხის რქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნათესავების და მშობლების რეკომენდაციები. არის გარიგებით ქორწინების შანსიც. სავარაუდო პროფესიებიც ოჯახთან, სახლთან არის კავშირში.
შესაძლოა საოჯახო ბიზნესი ჰქონდეს, სახლიდან მუშაობდეს, იყოს შეფ-პოვარი, ან სარესტორნო ქსელის მუშაობაში იყოს ჩართული. კირჩხიბის თემებია ასევე სამშობლო, ტრადიციები და ტურიზმის სფეროში მოღვაწეობაც არ იქნება გასაკვირი. ამას გარდა ნებისმიერი პროფესია, რომელიც ზრუნვასთანაა კავშირში – ძიძა, სამედიცინო პერსონალი, საბავშვო აღმზრდელი… ან უბრალოდ წყალთან დაკავშირებული პროფესიები. თქვენს რჩეულს სავარაუდოდ ძლიერი მთვარე ეყოლება, მთვარე კი ძალიან ცვალებადია. თუ ცუდ განწყობაზეა, ასეთი ადამიანი თავის სამყაროში იკეტება და თქვენ ვერაფრით მოახერხებთ შიგ შეღწევას. თავდაცვის მიზნით, შესაძლოა გატყუებდეთ კიდეც.
ასე იწყება გაუგებრობები. კირჩხიბი დესცედენტზე არ არის სტაბილური ქორწინება. ეს შესაძლოა არ გამოიხატოს მაინცდამაინც განქორწინებით, მაგრამ ქორწინებაში ბევრი ცვლილების სიგნიფიკატორი იქნება. როგორც ქორწინების პირველ წლებში იყო, ისე არ იქნება სამუდამოდ, აუცილებლად შეიცვლება ემოციური ფონი, ატმოსფერო სახლში.
პრობლემები გაღრმავებას ხელს უწყობს ისიც, რომ ძალიან განსხვავდება თქვენი და თქვენი პარტნიორის ინტერესები ერთმანეთისგან. თუ თქვენთვის სოციალური წრე, სტატუსი, საზოგადოების აზრი და პატივისცემა ყველაზე მნიშვნელოვანია, მას მხოლოდ სიმშვიდე და ტკბილი ოჯახური ცხოვრება სურს, რაც თქვენამდე ვერა და ვერ დადის. თუკი მამაკაცი ხართ, ამის ატანას უკეთესად მოახერხებთ, მაგრამ თუკი ქალი, შესაძლოა დროთა განმავლობაში რომანტიკა ყელში ამოგივიდეთ და პარტნიორის ,,სიზარმაცემ“, ,,ლუზერობამ“ ან ,,უმაქნისობამ“ აზრიდან გადაგიყვანოთ ( ნანახი გაქვთ ფილმი ,,Blue Valentine”?) ნუ დააბრალებთ ყველაფერს მას, ასეთ ადამიანს ჩვენ თავად ვირჩევთ, ვირჩევთ საკუთარი თავიდან გამომდინარე, ჩვენი პრობლემების პერსონიფიცირებას პარტნიორში ვახდენთ.
თქვენ მოგწონთ ის იმიტომ, რომ სწორედ ასეთია და არა სხვანაირი, მერე კი იგივე მიზეზები პრობლემების მიზეზები ხდება. ეცადეთ, უკეთ გაუგოთ მას და საკუთარ თავს, გაიაზროთ, რომ ის რაზეც თქვენი მეორე ნახევარი ზრუნავს, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რასაც თქვენ აკეთებთ. სწორად გადაინაწილეთ ფუნქციები და ერთმანეთს შეავსებთ.