და არ იქნება სამყაროსთვის სხვა დასასრული. . .
როდესაც დადგება სამყაროს დასასრული
ფუტკარი ისევ იფრენს ყვავილის თავზე,
მეთევზე გაკემსავს ლიცლიცა ბადეს,
ბედნიერი ზღვის გოჭი იცელქებს წყალში,
წვიმის წვეთებთან ითამაშებენ ბეღურები
და გველი იქნება ისევ ისეთი ოქროსფერი,
როგორც ყოველთვის…
როდესაც დადგება სამყაროს დასასრული
ქალები ქოლგებით გაუყვებიან მინდვრებს,
გვიმრა კვლავაც გაწვება მესრის კიდეზე,
ბოსტნეულის გამყიდველი იყვირებს გარეთ,
გემი, ყვითელი აფრით, მიაღწევს ნაპირს
და ვიოლინოს ხმა მოედება ზეცას
რომ შემოუძღვეს ღამის ვარსკვლავებს…
და ისინი, ვინც ამ დღეს ელის ქუხილს და ელვას,
გაწბილდებიან.
არც მას, ვინც დაეძებს ნიშნებს და ანგელოზთა გამოცხადებას,
სჯერა, რომ ეს ხდება ახლა.
სანამ მზე და მთვარე დაჰყურებს მიწას
სანამ ფუტკარი სტუმრობს ვარდის ნაზ ფურცლებს
და ვარდისფერი ჩვილები იბადებიან,
არავის სჯერა, რომ ეს ხდება ახლა.
მხოლოდ თეთრწვერა მოხუცი კაცი,
რომელიც არ არის ნათელმხილველი
რადგან ზედმეტად მოუცლელია,
აბამს ჩითილებს და იმეორებს,
რომ არ იქნება სამყაროსთვის სხვა დასასრული…
რომ არ იქნება სამყაროსთვის სხვა დასასრული…
ავტორი: Czeslaw Milosz
თარგმანი: ანნა ბასტუკა