დაბალი თვითშეფასების მაჩვენებელი ჰოროსკოპში
ცხოვრების თანამედროვე პირობები, გიჟურად აჩქარებული ტემპი და რიტმი ძალიან ბევრ ადამიანს ბევრ საფიქრალს უჩენს. ბოლო კვლევებმა დაადასტურა რომ ჩვენს ეპოქაში დაბალი თვითშეფასებით პროცენტულად მსოფლიო მოსახლეობის გაცილებით დიდი რაოდენობა იტანჯება, ვიდრე სხვა დროსა და ვითარებაში. ამ საკითხზე ასტროლოგიასა და ასტროფსიქოლოგიაში მთლად ფიქსირებული და ერთნაირი მიდგომები არ არსებობს და დარგის სპეციალისტები ზოგ შემთხვევაში ამას მზის კონკრეტულად ზოდიაქოს ნიშანში მდებარეობას, ხან ასცენდენტს ხანაც მზის და მთვარის ასპექტაციას, პირველ, მეორე და მეოთხე სახლებს, ასევე დაზიანებულ და რეტროგრადულ პლანეტებს უკავშირებს.
რა თქმა უნდა, პლანეტარულ მდებარეობამდე ყველაფერი ოჯახური გარემოთი და ჩვილობის პერიოდში იწყება, სადაც ჩვენ ჩვენი სულის კარმულ მისიას ვირჩევთ, როცა ამქვეყანაზე მოვდივართ. სიძნელეებიც, რომლებიც გაქვს ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი კარმის განუყოფელი ნაწილია.
ზევით უკვე ვახსენეთ პიროვნების დაბალი თვითშეფასების მსაზღვრელები ნატალურ რუკაში. თუმცა ასტროლოგიურ ფორუმებზე მოწუწუნე მომხმარებლების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში წერს, რომ მათი ჩაკეტილობის, ასოციალურობის ინტრავერტობის, სიმორცხვის და პასიურობის მიღმა მათი ღამის რუკა დგას.
პირადი დაკვირვებითაც ხშირ შემთხვევაში სუსტი ნებისყოფა და საკუთარ თავზე არცთუ მაღალი აზრი ადამიანებს აქვთ ხშირ შემთხვევაში, როცა:
ადამიანი არის ღამის საათებში, ძირითადად 00. დან 08 საათამდე დაბადებული, როგორც წესი ასეთ რუკას ინტროვერტის რუკად მიიჩნევენ. ღამე დაბადებული ადამიანები მთვარის ადამიანებადაც იწოდებიან, მათთვის უფრო მეტი მნიშვნელობა ინტრაპერსონალურ გამოცდილებებს, ენერგიის შიდა დინებას და საკუთარ განცდებს აქვს, ვიდრე გარემო ფაქტორებს და პირობებს. ასეთ შემთხვევაში პლანეტების უმეტესობის კონცენტრაცია მოდის ნოქტურნალურ, ანუ ღამის სახლებზე, ნახევარსფეროებსა და კვადრანტებზე (1 დან მეექვსეს ჩათვლით) თუმცა ასეთ შემთხვევაშიც შესაძლოა პლანეტები წინ უსწრებდნენ მზეს (მაგალითად მარსი, იუპიტერი, ვენერა, მთვარე) და ადამიანს სოციალიზაციის პრობლემა ისე გამწვავებულად აღარ ედგეს.
კირჩხიბი ასცენდენტი უფრო კარგი შემთხვევაა, როცა მზე და ასცენდენტი ორივე კირჩხიბის ნიშანშია, რადგან მზის ეგზალტაცია პირველ სახლში, კარდინალურ ნიშანში მას მაინც ვერძულ თვისებებს სძენს. გაცილებით რთულადაა საქმე როდესაც პირველი სახლის კუსპიდი კირჩხიბის ნიშანში აქვთ განსაკუთრებით თვითკრიტიკული ქალწულის, მერყევი სასწორის (მზის ვარდნის ნიშანი, თუმცა მაინც კარდინალური) მორიელის და თხის რქის მზის ნიშნებს. კირჩხიბი ასცენდენტი სენსიტიური, ემპათიური, ცვალებადი და მოწყვლადია, ამიტომ თუ მას არ აქვს ოჯახში სათანადოდ თბილი და კომფორტული გარემო, ის ძალიან ხშირად იტანჯება თვითშეფასების უკმარისობით და გამოსავალს ხშირად ან საპირისპირო სქესში ან სხვაში ეძებს, ვინც მას პრობლემებს მოუგვარებს, მაგალითად თეთრ რაშიან პრინცს. ხშირ შემთხვევაში კირჩხიბი ასცენდენტი ხასიათდება ფლეგმატურობით და უჭირს განცდების გაზიარება, რაც მისი სიმორცხვის კიდევ უფრო „წახალისებას“ იწვევს.
ქალწული და თხის რქა ასცენდენტი – ასევე ზედმეტი თვითკრიტიკულობისკენაა მიდრეკილი.
ე.წ. „ბოროტი პლანეტები“ მეოთხე სახლში:
სახლში, რომლის ნატურალური მმართველიც კირჩხიბია და რომელიც პასუხს აგებს სახლზე, მასში შექმნილ გარემოსა და ურთიერთობებზე, მარსის, ურანის, პლუტონის და განსაკუთრებით მკაცრი და პირქუში სატურნის მდებარეობა ხშირ შემთხვევაში მოვალეობებით დამძიმებულ ყოფაზე მიუთითებს. ადამიანებს, რომლებსაც არ უსმენენ შინ, აქვთ მიტოვებულობის და იგნორირებულობის განცდა, (თუმცა ეს ყოველთვის ცუდ სოციალურ პირობებში ცხოვრებას არ ნიშნავს, ზოგჯერ პირიქითაცაა). ოჯახი მას როგორც ვალდებულება ისე ესმის და საერთოდ ვერ იღებს, როგორც გუნდს. აწუხებს გაუცხოებულობა, ჩაკეტილობა, მიდრეკილება უძრაობისკენ და პასიური ცხოვრების რიტმისკენ.
მთვარის და მზის მდებარეობა კირჩხიბის, ქალწულის, სასწორის, თევზის ნიშნებში:
ზოგჯერ ჰიპერმზრუნველი, დაუცველი, პასიური დედის ან ზედმეტად კრიტიკული და მკაცრი მამის ხატზე მიანიშნებს. მთვარე კირჩხიბს ხშირად ჰიპერმზრუნველი ვერტმფრენი დედა ჰყავს, მთვარე სასწორი გადაწყვეტილების მიღებისას იტანჯება, მთვარე თევზი ხშირად თავს წამებულად წარმოიდგენს ხოლმე.
ცალკე აღსანიშნავია მზე ან მთვარე თხის რქის ნიშანში (ზოდიაქო თხის რქა) – მზის და მთვარის მდებარეობა სატურნის საბრძანებელში, წინააღმდეგობრივ ბუნებას იძლევა. ერთის მხრივ როგორც ზოდიაქოს ზენიტის, კარდინალური მეათე სახლის მმართველში პერსონალური პლანეტების მდებარეობა ხშირად სიძლიერედ მიიჩნევა, თუმცა პირადი გამოცდილებით და განსაკუთრებით ადამიანებმა, რომლებიც ფსიქოლოგიის სფეროში კარგად არიან ჩახედულები, შესანიშნავად იციან, რომ თხის რქის პირქუში და მკაცრი, დიქტატორი და ავტორიტარი ხელმძღვანელის ნიღბის მიღმა ფაქიზი და მოწყვლადი ფსიქიკა, შიში, ეჭვები, ასოციალურობა, მოუქნელი ბუნება და ხშირად სოციუმში ცუდი ორიენტირების უნარი იმალება. თხის რქის აკვნიდანვე კონსერვატიული და სერიოზული ხასიათი აფრთხობს ადამიანებს ისე, ზოგჯერ მათ თავადაც კი არ იციან ამის შესახებ. მთვარის მდებარეობა თხის რქაში უპირატესად მკაცრ და ემოციურად გაუცხოებულ დედაზე მიუთითებს, რომელსაც საკუთარ შვილებთან უფრო მეტად გუვერნანტის დამოკიდებულება აქვს, ვიდრე დედის. თუ თხის რქას მეზობელი მშვილდოსნის დიდი გავლენა აქვს, შესაძლოა ამან მდგომარეობა შეამსუბუქოს, ან ცეცხლის და წყლის დომინაციამ რუკაში. თხის რქებს, ისევე როგორც ქალწულებს ხშირად იმიტომ უყვართ და აკეთებენ რამეს, რომ იციან, „უნდა“ უყვარდეთ, ან უნდა გააკეთონ, მოვალეობა უპირველეს ყოვლისა. სიყვარულის მიღების და გაცემის შეუძლებლობა კი იწვევს ქრონიკულ დაბალ თვითშეფასებას ამ ნიშანში.
სტელიუმი მეთორმეტე სახლში – პლანეტების დიდი ნაწილის მეთორმეტე სახლში კონცენტრაცია.
დაზიანებული ნეპტუნი.
ასცენდენტის მმართველის ცუდი მდებარეობა ან ნეგატიური ასპექტაცია მალეფიკატორებთან, ასცენდენტის მმართველის ვარდნა ან ტყვეობა.
სატურნი პირველ სახლში, ვარდნაში.
ასევე ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მდებარეობა თვითშეფასების განსაზღვრისას. ვერძში სატურნი დაცემაშია. შესაბამისად, პირველ სახლში, რომელიც პირდაპირ მეს, ეგოს მიემართება, სატურნის მდებარეობა ხშირად იძლევა პირქუშ, პესიმისტ, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელ ადამიანს.
ვენერას დაცემა ან ტყვეობა, იუპიტერის დაცემა, მათი ცუდი ასპექტები სხვა პლანეტებთან და ერთმანეთთან.
ვენერა ქალწულის ნიშანში, იუპიტერი თხის რქაში, ვენერა იუპიტერის კვადრატურა. ანულებს ოპტიმიზმს. გადამეტებული თვითკრიტიკულობა, მძაფრი რეაქცია გარემო გამღიზიანებლებზე. ვენერა და იუპიტერი ფორტუნა მინორე და ფორტუნა მაჯორე, ანუ დიდი და პატარა იღბალი, რომელიც რუკაში იღბალს, შესაძლებლობებს, ბედნიერებას და ფუფუნებას, გართობას, ერთი სიტყვით ყველაფერ კარგს მართავს, მათი ცუდი პოზიციის შემთხვევაში ინდივიდს უზარმაზარი ძალისხმევის მიხმარება მცირე შედეგის მისაღებად, გარდა ამისა ცხოვრებაში უამრავი სირთულის გამო ინდივიდს უვითარდება დაბალი თვითშეფასება და ფიქრობს, რომ მას ცხოვრებაში ბევრი არაფერი ღირებულის გაკეთება არ შეუძლია. მდგომარეობა შეიძლება შეამსუბუქოს პლანეტების კარგმა ასპექტებმა და მდებარეობამ სახლებში.
პირველი და მეორე სახლების დაზიანება ბოროტი პლანეტებით.- პირველი სახლი პასუხს აგებს თვითშეფასებაზე, გარეგნულ იმიჯზე, ფასადზე, რომლითაც წარვდგებით საზოგადოების წინაშე, მეორე სახლი კი ფლობას, მატერიალურ რესურსებს, ფინანსებს მართავს. მეორე სახლი დატვირთული ბოროტი პლანეტებით ან ცარიელი მეორე სახლი ფლობასთან დაკავშირებულ წარუმატებლობის კომპლექსს და დაბალ თვითშეფასებას განაპირობებს.
ცარიელი პირველი სახლი.
მზის ან მთვარის ნეგატიური ასპექტაცია სატურნთან, მათ შორის შეერთებაც, მთვარის დამწვრობა მზით.
მზის და მთვარის ნეგატიური ასპექტი ერთმანეთთან.
ცარიელი დიურნალური, დღის სახლები. (პირველი, მეშვიდე, მერვე,მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე).
ძლიერ დაზიანებული მარსი, როგორც სასიცოცხლო ენერგიის და ამტანობის ნაკლებობა. ფიზიკური ჩივილები, ასთენია.-მარსის შეერთება ურანთან, პლუტონთან, სატურნთან. ეს მოსაზრება სადაოა, შესაძლოა ამან ზღვა ენერგია და დრაივი მისცეს ადამიანს პირიქით.
მერკურის დამწვრობა, რეტროგრადულობა ან მდებარეობა თევზის, მშვილდოსნისა და კირჩხიბის ნიშანში.
პირველი ან მეოთხე სახლის მმართველის ნეგატიური ასპექტი მეთერთმეტეს მმართველთან- მიუღებლობა და დაუფასებლობა საზოგადოებაში.
ლილიტის, ანუ შავი მთვარის მდებარეობა თევზებში, რომელიც გამუდმებით მსხვერპლის კომპლექსით იტანჯება და ასევე ინტენსიურად ქვეცნობიერად სულ მოძალადეს ეძებს.
შავი მთვარე პირველ, მეოთხე, მეხუთე და მეთორმეტე სახლებში, ლილიტი ასცენდენტზე, ლილიტის ოპოზიცია პლანეტებთან პირველ სახლში.
დაზიანებული და სუსტი ან რეტროგრადული სატურნი მეთორმეტე და მეხუთე სახლებში – ადამიანს თითქოს საკუთარი ცხოვრება ტვირთად ექცევა და არსებობის გამოც კი ბოდიშს იხდის. ხშირად ცდილობს საკუთარ თავთან განმარტოებას, მაგრამ ვერ ახერხებს.
რუკაში წყლის ან მიწის სტიქიის დომინაცია (სიჭარბე) ასევე იწვევს ხშირ შემთხვევაში დაბალ თვითშეფასებას მათი პესიმისტური კონსერვატორი და გაუბედავი ბუნების გამო.
მოამზადა ქეთი დიდებულიძემ