გააცოცხლეთ თქვენი სახლი!
სამყაროში ყოველ წამს რაღაც იცვლება, იცვლება მთვარის რიტმი, მასთან ერთად იცვლება ჩვენი ხასიათი, განწყობა და არა მარტო ჩვენი, ეს ხდება იმიტომ, რომ სამყარო ჩვენს ირგვლივ ცოცხალია.
ამ ცვლილებებთან და ჩვენთან ერთად უნდა იცვლებოდეს ჩვენი სახლი, ის არ უნდა ჩარჩეს უძრაობაში და არ უნდა იქცეს წარსულის ქანდაკებად.
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენს სახლს აქვს სული? როცა ჩვენ ვივიწყებთ მას, არ ვზრუნავთ, არ გამოვხატავთ სითბოსა და სიყვარულს მის მიმართ, იგი ავადდება და კვდება. ასეთი სახლი ემსგავსება მიხრწნილ ადამიანს, რომელიც სევდასა და ნაღველშია და აღარაფერი უხარია.
როგორ დავეხმაროთ სახლს, რომ გამოჯანმრთელდეს, გახალისდეს, გაცოცხლდეს? იბრწყინოს და სიხარულს ასხივებდეს?
პირველ ყოვლისა გავათავისუფლოთ ყოველი კუთხე, კუნჭული, თაროები, ყუთები დაგროვილი ძველმანებისაგან, რადგან მტვერსა და ძველმანების გროვაში იბუდებს ნეგატიური ენერგია და ადამიანებიც შესაბამისად უხალისოდ ცხოვრობენ, ავადობენ. შემდეგ კი აუცილებელია მცირე კოსმეტიკური რემონტის ჩატარება მაინც.
თუ ჩვენ მთვარის რიტმების შესაბამისად დავალაგებთ და დავასუფთავებთ შევარემონტებთ სახლს, მაშინ ეს საშინაო სამუშაო ადვილი, სასიამოვნო და შემოქმედებითი იქნება, სახლი კი დიდხანს შეინარჩუნებს სიახლეს და დიდხანს მოგვანიჭებს სიამოვნებას,
ამასთანავე სახლის სული ადვილად შეეგუება ამ სასიკეთო ცვლილებებს, დაეხმარება გამოჯანმრთელდეს, სამუდამოდ გაქრეს უსიამოვნო, უსიცოცხლო ატმოსფერო, გახალისდეს და გაცოცხლდეს, დაიმუხტოს სასიკეთო და ჯანსაღი ენერგიით!
ეს ყოველივე კი, თქვენი კარგი ჯანმრთელობის, განწყობის და წარმატებების საწინდარია
დალაგებული და დასუფთავებული სახლის გაწმენდა განსაკუთრებით დადებით შედეგს მოუტანს თქვენს ოჯახს:
ბინის გასაწმენდად დაგჭირდებათ:
• საეკლესიო სანთლები
• საკმეველი
• ნახშირი
• ნაკურთხი წყალი
• მცირე ზომის ქსოვილი
პირველ რიგში, ყველა ოთახის, აბაზანა-ტუალეტის, ლოჯის, დერეფნისა და შემოსასვლელის ცენტრში დაანთეთ თითო საეკლესიო სანთელი.
აიღეთ ქილის თავსახური ან მსგავსი მეტალის ზედაპირი და დაანთეთ მასზე სანთელი.
აიღეთ ნახშირის ნატეხი, ფრთხილად მოუკიდეთ ცეცხლი, ხელი რომ არ დაგეწვათ და იმავე ზედაპირზე, მიუდეთ სანთელს გვერდით.
იქვე მოიმარაგეთ საკმევლის ნატეხები, რომლებსაც პერიოდულად დაადებთ ნახშირს.
სანთლიანი და საკმევლიანი ზედაპირით ხელში, დადექით თქვენი ბინის შემოსასვლელ კართან, და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გაუყევით კედელს სხვა ოთახებისკენ. პერიოდულად, ნახშირს დაამატეთ საკმეველი, ისე, რომ არ ჩაქრეს.
განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერეთ კუთხეებზე. შეჩერდით, მაქსიმალურად მთელ სიგრძეზე აატარეთ და ჩამოატარეთ საკმეველი.
კედელის გასწვრივ გაუყევით მთელ ბინას. საბოლოოდ, ისევ საწყის წერტილთან – შემოსასვლელის კართან უნდა მოხვდეთ.
შემდეგ, აიღეთ ნაკურთხი წყლით სავსე ჭურჭელი და მოასხურეთ წყალი ყველა კუთხეში.
ბოლოს, ნაკურთხ წყალში დასველებული ქსოვილით ჩამოწმინდეთ სარკეები, ასე შეძლებთ წაშალოთ უარყოფითი ინფორმაცია თქვენი სახლის „მეხსიერებიდან“.
სასურველია, სახლის გაწმენდის დაწყებამდე, მთავარ ანგელოზ მიქაელს და თქვენს მფარველ ანგელოზს სთხოვოთ დახმარება, წაიკითხოთ 90-ე ფსალმუნი და ილოცოთ როგორც გსურთ…
შეეცადეთ გაწმინდოთ სახლი თვეში ერთხელ მაინც და დააკვირდით რამდენად შეიცვლება თქვენი განწყობა, ცხოვრება და გარემო დადებითისკენ…
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
(y)