ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი მთვარის კვანძის, რაქუს ასპექტები

რაქუროდესაც აღმავალ კვანძს, რაქუს მზესთან ჰარმონიული ასპექტები აქვს (შეერთება, ტრინი, სექსტილი) ადამიანი წარსულ ცხოვრებაში პატივისცემით ექცეოდა სხვებს, არ ამცირებდა, ბოროტად არ იყენებდა ძალაუფლებას და ამ ცხოვრებაში თვითგამოხატვის კიდევ უფრო მეტი საშუალება ეძლევა და გარშემომყოფების შემწეობა და სიმპატია.

დაძაბული ასპექტებისას (კვადრატურა, ოპოზიცია) – ადამიანი არაფრად აგდებდა არავის, პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ხალხს, მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაუვლიდა ყველას, შესაბამისად ამ ინკარნაციაში საკუთარი თავის გამოხატვის ნაკლები შანსი ეძლევა, შეზღუდულია და არც სხვების დახმარების და გვერდში დგომის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

მთვარესთან რაქუს ჰარმონიული ასპექტები მეტყველებს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი პატივისცემით ეპყრობოდა სხვა ადამიანების გრძნობებს, ემოციებს და შინაგან სამყაროს, ეხმარებოდა ხალხს შესაძლებლობებისა და ტალანტების აღმოჩენასა და გამოვლენაში. ურთიერთობაში ყოველთვის კეთილისმსურველი, რბილი და ტაქტიანი გახლდათ, პატივს სცემდა მათ სურვილებს. ამის გამო ამ ინკარნაციაში ჯილდოვდება მათი მხარდაჭერითა და კარგ დამოკიდებულებით ნებისმიერ რთულ სიტუაციაში. ადვილად უსრულდება სურვილები და ჩანაფიქრები. ის ცხოვრების ნებიერაა, თავად ცხოვრება სთავაზობს ხელსაყრელ გარემოებებსა და სიტუაციებს.

დაძაბული ასპექტების დროს კი პირიქით – სურვილების რეალიზაცია უჭირს და სხვებიც არად აგდებენ მის გრძნობებსა და ემოციებს.

მერკურის ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანი პატივს სცმედა სხვების აზრს და არც საკუთარი თავი მიაჩნდა სხვებზე ჭკვიანად. შესაძლოა, რომ რაიმე სამეცნიერო მოღვაწეობით იყო დაკავებული და მისმა გონებრივმა სამუშაომ სარგებელი მოუტანა ხალხს. ამიტომ ამ ინკარნაციაში რაიმე დოქტრინის ან სწავლების ინტელექტუალურ ლიდერად გახდომის დიდი შანსი ეძლევა. გარშემომყოფები კი პატივს სცემენ მის აზრს. მის ყველა იდეას ექნება უდიდესი მხარდაჭერა და პოზიტიური რეაგირება ხალხისგან.

დაძაბული ასპექტებისას ოდესღაც ადამიანს ყველაზე ჭკვიანად მიაჩნდა თავი, არ ითვალისწინებდა არავის აზრს. ეგონა რომ სულ თვითონ იყო მართალი და დანარჩენები ცდებოდნენ. თავს ახვევდა ყველას თავის აზრს ისე, რომ არც ინტერესდებოდა რას ფიქრობდნენ ისინი. ამიტომ მისი იდეები ამ ინკარნაციაში შესაბამის დამოკიდებულებას იღებენ, რთლად მიიღებიან საზოგადოებაში და მისი აზრიც არავის აინტერესებს.

ვენერის ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანს სილამაზე უყვარდა, გატაცებული იყო ხელოვნებით, ეხმარებოდა ადამიანებს ნიჭის გამოვლინებაში. ამიტომ ამ ინკარნაციაში ადვილად ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას და ხშირ შემთხვევაში ფიზიკური სილამაზითაც დაჯილდოებულები არიან, გარემოებები კი ყოველთვის ეხმარება მას ტალანტების განვითარებასა და გამოყენებაში.

დაძაბული ასპექტების დროს შესაძლოა ის ეჭვიანი იყო , არ სცემდა პატივს სხვის ნიჭს და მარტო საკუთარი თავის გამოჩენაზე ფიქრობდა. შეეძლო სინდისი ქენჯნის გარეშე გაეფუჭებინა ვინმესთვის კარიერა და რეალიზაციაში ხელი შეეშალა. შესაბამისად ამ ცხოვრებაში შესაძლოა ძალიან ნიჭიერი და ტალანტების მქონდე ადამიანი იყოს, მაგრამ ვერ აღწევდეს წარმატებას, ვერ ხდებოდეს ცნობილი და ხალხი უნიჭოდ თვლიდეს.

რაქუს ჰარმონიული ასპექტებისას მარსთან ადამიანი მთელს ძალას და ენერგიას კონსტრუქციულ გზაზე მიმართავდა: ეხმარებოდა სუსტებს, სხვების საკეთილდღეოდ ირჯებოდა და ამიტომ ამ ცხოვრებაში მისი ნება, ინიციატივა და ქმედება ყოველთვის პოულობს მხარდაჭერას. მთავარია პირველი ნაბიჯი გადადგას და მთელი სამყარო გვერდში დაუდგება.

დაძაბული ასპექტებისას ადამიანი სუსტებს ჩაგრავდა, აგრესიული და უხეში გახლდათ და ამიტომ სხვებისგან ინკარნაციაში წარსული ,,გმირობის” შედეგებს იმკის, – მას ცუდად ექცევიან და მისი ყოველგვარი ინიციატივა და მოქმედება უარყოფით რეაქციას იწვევს. ბევრი წინააღმდეგობა ხვდება. აგრესია არაადეკვატურია. მათ არ უმართლებთ.

იუპიტერი-რაქუს ჰარმონიული ასპექტები მეტყველებს, რომ ადამიანი დიდსულოვანი და გულუხვი იყო, აშენებდა სკოლებს ან საავადმყოფოებს, დაკავებული იყო მეცენატობით, ხალხს თბილად და მეგობრულად ექცეოდა, ეხმარებოდა სოციალურ კიბეზე წინსვლაში.

დაძაბული ასპექტებისას ადამიანი წარსულში ძალიან პატივმოყვარე და ავტორიტარული გახლდათ, საერთოდ არ აფასებდა არავიას. უფუჭებდა კარიერას ხალხს, არ აძლევდა მათ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავების საშუალებას, უშლიდა განათლების მიღებაში ხელს, ამიტომ ახლა პატივისცემის მოპოვება უჭირს, შესაძლოა ფინანსური პრობლემები ჰქონდეს, ან დაბრკოლებები ექმნებოდეს განათლების მიღებაში.

სატურნთან ჰარმონიული ასპექტები ნიშნავს, რომ ადამიანი ძალიან მოწესრიგებული იყო , პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე სხვებთან მიმართებაში, სერიოზულად ეპყრობოდა თავის ვალდებულებებს და არ იტყუებოდა. ცხოვრობდა ასკეტური ცხოვრებით, კმაყოფილდებოდა ცოტათი. ამიტომ ახლა, ხვალინდელი დღე გარანტირებული აქვს და ცხოვრება ყველა მიზნამდე მიღწევაში ხელს უწყობს.

დაძაბული ასპექტებისას – წარსულში ადამიანი სასტიკი და მომთხოვნი გახლდათ, გულცივი და შორს ეჭირა ყველასგან თავი. მისთვის უცხო იყო თანაგრძნობა და გაგება. სამაგიეროდ ახლა ამ ყველაფერს თავად მოიმკის, მცდელობის მიუხედავად ვერაფრით ახერხებს საკუთარი ცხოვრების ორგანიზებას.

ურანის ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანს წარსულ ცხოვრებაში კაცობრიობის პროგრესში აქვს წვლილი შეტანილი, ამიტომ მას ახლა მრავალფეროვანი შანსები და შესაძლებლობები ეძლევა, რომლითაც დიდ წარმატებას შეუძლია მიაღწიოს.

დაძაბული ასპექტებისას – სავარაუდოდ ანარქისტი იყო , იმ საზოგადო წესებსა და კანონებს არ ემორჩილებოდა, რომელშიც ცხოვრობდა, ამიტომ ახლა საზოგადოება არ სცნობს და არ იღებს მას, ცხოვრება არც ისე სასიამოვნო მოულოდნელობებითაა სავსე.

ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტებისას სავარაუდოა, რომ წარსულ ცხოვრებაში ადამიანი საყოველთაო სიყვარულითა და ჰარმონიით ცხოვრობდა. კავშირი ჰქონდა რელიგიასთან. ამ ცხოვრებაში უზენაესი ძალები ყველა ცხოვრებისეულ პრობლემის დროს ეხმარებიან, ხელს უწყობენ ადამიანის სულიერ განვითარებას.

დაძაბული ასპექტებისას, ადამიანი მოწყვეტილი იყო რეალობას, ცხოვრობდა ფანტაზიებში, მისმა უკიდურესმა იდეალიზმმა არც ისე კარგი შედეგები მოუტანა გარშემომყოფებს, ამიტომ ამ ცხოვრებაშიც აგრძელებს ასე გაურკვევლობაში, ბურუსში ცხოვრებას, მის ფანტაზიებს არანაირი რეალური საფუძველი არ უდევს და დიდ ბზარს აჩენს მასსა და საზოგადოებას, მასსა და მის შესაძლებლობებს შორის.

პლუტონის ჰარმონიული ასპექტებისას – სავარაუდოა, რომ ადამიანი მონაწილეობას იღებდა იმ საზოგადოების ტრანსფორმაციასა და განვითარებაში, რომელშიც ცხოვრობდა. არ ეშინოდა არავითარი ცვლილებისა და სიძნელის. ამიტომ ცხოვრება მას თავისი გზის პოვნის საშუალებას აძლევს და ამ გზაზე სიარულში ეხმარება, ის და მისი იდეები პოპულარულია საზოგადოებაში.

დაძაბული ასპექტებისას – ის საკუთარი კანონებისა და იდეოლოგიის მოხვევას ცდილობდა ხალხზე, მიდიოდა დინების მიმართულების საწინააღმდეგოდ და ჩანაფიქრის განხორციელება სურდა ნებისმიერ ფასად. ამ ეტაპზე ის ამ ცხოვრების მორევში ხვდება, რომელთან გამკლავებაც ძალიან უჭირს. ბედი მუდმივად არსებობისთვის ბრძოლას აიძულებს, იმიტომ, რომ ადამიანი მიხვდეს ცხოვრების კანონები არც ისე ხელწამოსაკრავი არ არის.

ქირონთან ჰარმონიული ასპექტებისას – ადამიანი წინა ცხოვრებაში კარგი დიპლომატი გახლდათ, შეეძლო სხვადასხვა დაპირისპირებული ძალების გაგება და მორიგება. ამიტომაც ახლა ჰარმონიული ცხოვრებით ჯილდოვდება, რთული სიტუაციების მართვის უნარს აძლევს, ჩიხიდან გამოსავლის მოძებნაში ეხმარება.

დაძაბული ასპექტებისას სავარაუდოა რომ ადამიანი გაიძვერა, მატყუარა, ფლიდი და ორგული გახლდათ, ხლართავდა ინტრიგებს, დებდა ორმაგ გარიგებებს, ამიტომ ახლა თვითონ ეხვევა ასეთ ბინძურ ჭორებში, საქმეებსა და ინტრიგებში.

პროზერპინასთან ჰარმონიული ასპექტებისას შესაძლოა ადამიანი ექიმი, მკურნალი გახლდათ, რომელსაც როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი განკურნებაც შეეძლო.

დაძაბული ასპექტებისას კი დიდ ყურადღებას აქცევდა წვრილმანებს და მთავარს ვერ ხედავდა, ხეებში ვერ ამჩნევდა ტყეს. ცხოვრება არასრულყოფილი და უსამართლო ეგონა, ამიტომაც ახლა მის ცხოვრებაში ქაოსია, რომლის დალაგებასაც ვერაფრით ახერხებს.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები